მაღალტექნოლოგიური ფარმაცევტული საწარმო Ynnovas-ი გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მაღალტექნოლოგიური ფარმაცევტული საწარმო Ynnovas-ი გახსნა. საწარმო "თიბისი ბანკმა" სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 2 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა. ქარხანა პირველია ბაზარზე, რომელიც ქართული ფლორის სამკურნალო პოტენციალს გამოიყენებს და ფარმაცევტული პროდუქციის მოპოვებას, გადამუშავებას, წარმოებას და ექსპორტს განახორციელებს. კერძოდ, წარმოებაში 40-მდე სახეობის მცენარის გადამუშავებით მოხდება 60-მდე სახის აქტიური სუბსტანციის მიღება, რომელიც ფართოდ გამოიყენება ფარმაციაში, პარფიურმერიაში, ჰიგიენური საშუალებების წარმოებაში.

როგორც პრემიერ-მინიტრმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული საწარმოს გახსნა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომობის თვალსაჩინო მაგალითია.  "ეს არის თვალსაჩინო მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის. Ynnovas არის კიდევ ერთი ქართული საწარმო, რომელიც 100%-ით გადაამუშავებს ქართულ ნედლეულს, სეზონზე კი დაასაქმებს 1 000-დან 2 000-მდე ადამიანს. ამ ფარმაცევტულ საწარმოში დაახლოებით 9 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. როგორც ხელმძღვანელობისგან ვიცი, ის ხელს შეუწყობს მათ შორის ხალხში გაბნეული საგვარეულო რეცეპტების ფარმაცევტულ ინდუსტრიაში დამკვიდრებასაც. ჩვენ გვაქვს უამრავი ისეთი რეცეპტი, რომლითაც შეგვიძლია დავაინტერესოთ ფარმაცევტული წარმოება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აქ წარმოებული პროდუქციის 90% იქნება ექსპორტზე ორიენტირებული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ პროგრამა "აწარმოე საქართველოში" მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით მის ფარგლებში 123 პროექტია დაფინასებული. "ჯამში ეს არის დაახლოებით 350 მილიონი ლარის ინვესტიცია ქართული წარმოების განვითარებაში", - აღნიშნა პრემიერმა.