საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელების შემდეგ, საქართველო ინტერნეტზე წვდომით ევროპულ ქვეყნებს გაუტოლდება

ლიტვის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ევროკავშირმა European Broadband Award-ით დააჯილდოვა პროექტის სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობისა და ხელმისაწვდომობისთვის.

თანამედროვე სამყაროში ინტერნეტი რჩება პროდუქტად, რომელიც წესით, ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ფუფუნების საგნად არ უნდა ითვლებოდეს. თუმცა, საქართველო, რომელიც ერთი მხრივ, რეგიონალური ლიდერია ელექტრონული მმართველობის განვითარების კუთხით, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველოში ინტერნეტი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის კვლავ მიუწვდომელია.

გაერო-ს ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგების სპეციალიზებული სააგენტოს, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) 2014 წლის მონაცემებით, ინტერნეტი საქართველოს მოსახლეობის 45%-სთვის არის ხელმისაწვდომი.

იმისათვის, რომ ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს, ცოტა ხნის წინ საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში ინტერნეტი საქართველოს თითქმის მთელი მოსახლეობისთვის გახდება ხელმისაწვდომი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები გერმანელ ექსპერტებთან ერთად მუშაობენ, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს საქართველოს სოფლების ინტერნეტით უზრუნველყოფა. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს 10 რეგიონის 500-მდე სოფლისთვის. საერთო ჯამში კი ამ პროექტის ფარგლებში ინტერნეტი 2000-ზე მეტ სოფელში შევა და მილიონზე მეტ მომხმარებელს მოემსახურება.

პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები ევროკავშირის რიგ ქვეყნებში ევროკავშირის გრანტით ხორციელდება.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის წარმომადგენელთა თქმით, პროექტის დაგეგმარებისას აქტიურად ხდებოდა უცხოეთში იდენტურ პროექტებთან ურთიერთქმედება. ამ მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესო ლიტვის მაგალითია.

დღეისთვის ევროპაში ყველაზე მაღალი ხარისხის, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი ყველაზე დაბალ ფასად სწორედ ლიტვაშია ხელმისწვდომი და ამ შედეგის მიღწევა ლიტვაში სწორედ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში გახდა, რომელიც ევროკავშირის გრანტით განხორციელდა. ცოტა ხნის წინ კი ლიტვის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ევროკავშირმა European Broadband Award-ით დააჯილდოვა პროექტის სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობისა და ხელმისაწვდომობისთვის.

ზედიზედ მეხუთე წელია ლიტვა ასევე ლიდერი რჩება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მიწოდების მხრივ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლიტვაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მოხმარებელთა რაოდენობა 9%-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით კი ლიტვაში 2,4 მილიონი ინტერნეტმომხმარებელია.

ITU-ს მონაცემებით, მსოფლიოში დღესდღეობით ინტერნეტს 3,2 მილიარდი ადამიანი მოიხმარს, რომელთაგან 2 მილიარდი განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობს.

2000 წლიდან 2015 წლამდე მოყოლებული ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა თითქმის შვიდჯერ - 6,5%-დან 43 პროცენტამდე გაიზარდა. მიმდინარე წლის ბოლომდე დედამიწის მოსახლეობის 69%-სთვის მესამე თაობის ინტერნეტი გახდება ხელმისაწვდომი მაშინ, როცა 2011 წელს ეს მაჩვენებელი 45 პროცენტი იყო.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ინტერნეტ-აუდიტორია ჩინეთს ჰყავს, სადაც ბოლო მონაცემებით, ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობა 668 მილიონი ადამიანია.

რაც შეეხება ევროპას, ITU-ს მონაცემებით, ევროპაში ინტერნეტის ხელმისაწვდომობა 75%-ია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონების მხრივ მსოფლიოში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში - 66%, აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში 45%, აფრიკაში კი დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს.

„ციფრული გადაწყვეტილებები მრავალმხრივ შესაძლებლობებსა და პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა ასაკიანი ადამიანებისთვისაც. ინტერნეტის წყალობით, მათ შეუძლიათ მიმართონ მუნიციპალურ ორგანოებსა და სამედიცინო დაწესებულებებს სახლიდან გაუსვლელად“, - ამტკიცებს დანიის კომპიუტერული ასოციაციის დირექტორი მორტნე ბანდსგორი.