მარტყოფის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტყოფის მონასტერთან მისვლა რეაბილიტირებული გზით იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყო. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გზა 30 წელზე მეტია არ შეკეთებულა და იმდენად დაზიანებული იყო, რომ ნალექიან ამინდში თითქმის გაუვალი ხდებოდა.  გზების დეპარტამენტის ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და 3 სოფელს: სააკაძეს, მარტყოფს და ნორიოს როგორც ერთმანეთთან, ასევე თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო მნიშვნელობის გზასთან აკავშირებს. "აღნიშნული გზას VI საუკუნის ისტორიულ ძეგლთან - მარტყოფის ღვთაების ეკლესიასთან მივყავართ და ამიტომ ის ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია", -აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზის 6,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნებისა და ავტოპავილიონების მოწყობას. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ხიდს და აშენდება კიდევ ერთი სახიდე გადასასვლელი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სავალი ნაწილის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.  პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5 333 330 ლარია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.