რუსეთი თურქეთს სანქციებს უწესებს

თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული „სუ 24“-ის ჩამოგდების შემდეგ, რუსეთმა თურქეთისთვის სანქციების დაწესება გადაწყვიტა.

რუსული მედიის ცნობით, თურქეთიდან რუსეთის ტერიტორიაზე პროდუქტებისა და სხვა რიგი საქონლის იმპორტი შეიზღუდება. „კომერსანტის“ ცნობით, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, კონკრეტულად რომელ პროდუქტებზე დააწესებს რუსეთი ემბარგოს.

გუშინდელიდან მოყოლებული რუსეთის საბაჟოზე მაქსიმალურად გამკაცრდა კონტროლი თურქულ პროდუქციაზე.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთში თურქეთზე პროდუქტის იმპორტის 4% მოდის. ბოლო 10 თვის განმავლობაში თურქეთიდან რუსეთში 1 მილიარდი დოლარის პროდუქცია შევიდა, ძირითადად ციტრუსები და პომიდორი. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, მზად არიან ეს პროდუქტი ირანიდან, მაროკოდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩაანაცვლონ.