საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით თევზი თურქეთში გადის

2014 წელს საქართველოდან თევზის ექსპორტის დიდი წილი თურქეთზე მოდის, სადაც ექსპორტირებული თევზის 80% გავიდა. ამის შესახებ ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალშია აღნიშნული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს უხვი, განახლებული წყლის რესურსი გააჩნია (63.3 კუბ.კმ) 860 ტბის, 45 წყალსაცავის და დახლოებით 26 000 მდინარის სახით. საქართველოს წყლებში, დაახლოებით, 76-80 სახეობის მტკნარი წყლის თევზი ბინადრობს. მათ შორის, ზუთხი და ორაგული. მტკნარი წყლის თევზებიდან ასევე აღსანიშნავია: ევროპული ლოქო, ქარიყლაპია და ფარგა. მტკნარი წყლის თევზის ძირითადი მწარმოებელი რეგიონები აჭარა, იმერეთი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წელს, თევზის ექსპორტმა 33 960 ათასი აშშ დოლარი შეადგინა

. 2013 წელს თევზის ექსპორტის თანხობრივი მაჩვენებელი - 36 032 ათასი აშშ დოლარი, ხოლო იმპორტის - 2 364 ათასი აშშ დოლარი იყო. 2014 წელს ექსპორტი შემცირდა და მან 32 077 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი გაიზარდა და იმპორტის თანხობრივი მაჩვენებელი 3 968 ათასი აშშ დოლარი იყო. 2014 წლის მონაცემებით, ძირითადი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანია. 2014 წელს თურქეთში თევზის ექსპორტმა 80%, სომხეთში - 18%, ხოლო აზერბაიჯანში - 2% შეადგინა. რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, 2014 წელს იმპორტიორი ქვეყნები ნორვეგია, აშშ, ესპანეთი, ახალი ზელანდია და კანადა იყო. ნორვეგიიდან თევზის იმპორტმა 24%, აშშ-დან - 20%, ესპანეთიდან - 18%, ახალი ზელანდიიდან - 5%, კანადიდან - 7%, ხოლო დანარჩენი ქვეყნებიდან - 26% შეადგინა.

2014 წელს, თევზის საცალო ფასები ბაზარზე 8.2 ლარიდან (1 კგ-ის ფასი) 11.3 ლარამდე მერყეობდა. ყველაზე იაფი თევზი მარტში, ხოლო ყველაზე ძვირი - ივლისში იყო.

ფინანსური მაჩვენებლები, რომლებიც 2015 წლის იანვარ-თებერვალში არსებული მონაცემების საფუძველზეა გაანგარიშებული და პირობით გათვლებს ეყრდნობა, თევზის შემთხვევაში ასეთია: აუზში 200 ტონა თევზის მოსაშენებლად საწყისი საინვესტიციო კაპიტალი 1 110 000 ლარია. უკუგების პერიოდი მე-3 წელია, ხოლო რენტაბელობის შიდა ნორმა (8 წელი) - 32%.

პრიორიტეტული პროდუქტების ნუსხაში მტკნარი წყლის თევზის გარდა თხილის, მოცვის, ვაშლის, მანდარინის, ბლის, ჩაის, ატმის, ხურმის, პომიდვრის, ხახვის, კიტრის, სტაფილოს, მწვანილის, კარტოფილის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის, ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, რძის პროდუქტების, თაფლის და ხორბლის წარმოება მოხვდა.