ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით უფასო ვორქშოფი იწყება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, "ჯეო-ლაბში" დღეს სამდღიანი უფასო ვორქშოფი იწყება. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ვორქშოფის ორგანიზატორები ასევე არიან USAID-REG, CCC STARTUPS.  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს განცხადებით, მასში მონაწილეობას ტექნოლოგიური პროდუქტის სტარტაპ ბიზნესის 25 დამაარსებელი მიიღებს. მონაწილეები 3 ქვეყნის წარმომადგენლები არიან: სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. თავად ტრენერები კი 7 წამყვანი სტარტაპის ექსპერტები იქნებიან და 40 საათიან ვორქშოფს მოიცავენ, სადაც გამოცდილების გაზიარება მოხდება და პრაქტიკული სამუშაოები ჩატარდება.  "ვორქშოპი სახელწოდებით traction Camp ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უკეთ გაიგონ, როგორი მარკეტინგული გათვლები შეიძლება განახორციელონ თავიანთი სტარტაპ ბიზნესებისათვის, როგორ შეიძლება განსაზღვრონ მომხმარებლის საჭიროებები, როგორ მიაწოდონ პროდუქტი ინვესტორებს, როგორ გავიდნენ უცხოურ ბაზარზე და გახადონ ის წარმატებული. სფეროს განვითარებიდან გამომდინარე დღეს საქართველოსა და მის 2 მეზობელ ქვეყანაში უკვე დადგა მსგავსი აქტივობების საჭიროება, რაც მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს", - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე თქმით, სააგენტო ხელს უწყობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვასა და გამოყენებას სხვადასხვა სფეროში, რათა მათი ეფექტურობა აამაღლოს.  "განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს-სექტორის ამ კუთხით განვითარება. უკვე არსებობს მრავალი პროექტი და პროგრამა ამ მიმართულებით, თუმცა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და დანერგვა აუცილებელია. traction Camp-ით მონაწილეებს უნიკალური საშუალება ეძლევათ, პრაქტიკული ცოდნა, ახალი კონტაქტები შეიძინონ და პროფესიონალების გამოცდილება გაიზიარონ. ცნობილი ექსპერტები მათთან 27-დან 29 ნოემბრამდე იმუშავებენ", - განაცხადეს სააგენტოში.