ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეტში მინერალური და მტკნარი წყლის საწარმო აშენდება

პროგრამით - "აწარმოე საქართველოში" რამდენიმე ახალი საწარმო აშენდება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, ერთ-ერთი საწარმო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეტში აშენდება.  "აქ აშენდება მინერალური და მტკნარი წყლის საწარმო, რომლის დეკლარირებული სიმძლავრე, რაც პროექტშია წარმოდგენილი, არის 10 მილიონი ლიტრი წელიწადში. საწარმოს მშენებლობა მომავალი 24 თვის მანძილზე განხორციელდება. ამ საწარმოში მშენებლობის დასრულების შემდეგ, სულ მცირე 20 ადამიანი დასაქმდება, ხოლო მშენებლობის პერიოდში გაცილებით მეტი", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი საწარმო ქალაქ ხობში აშენდება და ეს არის ასანთის წარმოება. "თქვენ იცით, რომ ამჟამად ასანთი სრულად იმპორტირებულია ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, აშენდება ასანთის ქარხანა, რომელსაც საკმაოდ დიდ წარმოება ექნება. ეს არის წელიწადში სადღაც 100 მილიონი კოლოფი. აქ ინვესტიციების რაოდენობა არის მილიონ 200 ათასი ლარი და აქაც 50 ადამიანამდე დასაქმდება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.