დიმიტრი ქუმსიშვილი: ყველა წამოწყებული ინფრასტრუქტურული და ბიზნესის ხელშეწყობის პროექტები გრძელდება და უფრო ფართოვდება

ყველა წამოწყებული ინფრასტრუქტურული და ბიზნესის ხელშეწყობის პროექტები გრძელდება და უფრო ფართოვდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განაცხადა. კითხვაზე, საიდან გამოიძებნა პენსიების ზრდის რესურსი, ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტი გაიზარდა, შესაბამისად, როგორც საგადასახადო შემოსავლების ნაწილი, ასევე დანარჩენი ნაწილი და დეფიციტური მუხლები. მისივე თქმით, ჯამში, ეს არის 215 მილიონი, რითაც ბიუჯეტი გაიზარდა და შესაბამისად, უკვე პრიორიტეტულების მიხედვით გადანაწილდა. "ბიუჯეტთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც იყო წამოწყებული და ბიზნესის ხელშეწყობის პროექტები, ესენი გრძელდება და უფრო ფართოვდება. კონკრეტულად ჩვენი უწყების შემთხვევაში, ჩვენ გვექნება საკმაო ზრდა ტურიზმის ნაწილში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ტურიზმის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 16 მილიონიდან 22 მილიონამდე გაიზრდება. "ასევე ჩვენ გავაგრძელებთ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც გვქონდა მთის კურორტების განვითარების მიმართულებით და ასევე გაიზრდება ბიუჯეტი ინოვაციების კუთხით. აქაც არ გვაქვს დიდი ზრდა, მაგრამ ზრდა გვაქვს", - განაცხადა ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ზრდა არის განათლების მიმართულებით, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ჩვენი შვილების მომავალი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, იზრდება პედაგოგების ხელფასები.  ქუმსიშვილის თქმით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მნიშვნელოვანი ზრდაა ჯანდაცვის მიმართულებით.