ნოდარ ხადური - მომავალი წლის ბიუჯეტს აქვს 2 მნიშვნელოვანი მახასიათებელი - ადამიანზე ზრუნვა და ეკონომიკის განვითარება

მომავალი წლის ბიუჯეტს აქვს 2 მნიშვნელოვანი მახასიათებელი - ეს არის ადამიანზე ზრუნვა და ეკონომიკის განვითარება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ მოიწონა 2016 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტი და ის საქართველოს პარლამენტში გადაიგზავნება.  "მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე პარლამენტში მუშაობა გაგრძელდება, ჩვენ შეიძლება უკვე იმ ძირითად პარამეტრებზე ვისაუბროთ, რომელსაც ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი ეყრდნობა. ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-იანი ზრდა და ბიუჯეტის 3%-იანი დეფიციტი. ამავე დროს, ბიუჯეტის ხარჯები აღემატება უკვე 10 მილიარდ ლარს. თავდაპირველად წარმოდგენილი ბიუჯეტი 225 მილიონი ლარით გაიზარდა. აღნიშნული თანხებიდან 200 მილიონი ლარი არის გადასახადები, მათ შორის ეს ძირითადად გამოწვეულია შემოსავლებით, გადასახადებით, რომელიც ახალმა მაკროეკონომიკურმა პროგნოზებმა გამოიწვია. ეს პროგნოზები შეეხება როგორც მომავალ, ისევე მიმდინარე წელს", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 2%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა მინისტრი ფიქრობს, რომ ეკონომიკური ზრდა 2.8%-ის ფარგლებში იქნება და შესაბამისად, საბაზო მაჩვენებელები იზრდება. "მოგახსენებთ, როგორ გადანაწილდა აღნიშნული თანხები. საუბარია, ამ 225 მილიონ ლარზე - ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 92 მილიონი ლარით გაიზრდება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაემატება 40 მილიონი ლარი. გაგრძელდება ყველა ის პროექტი და პროგრამა, რომელიც აქამდე მიმდინარეობდა, მათ შორის, საგაზაფხულო სამუშაოების დაფინასება", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, გაიზარდა ეკონომიკის, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვის სამინისტროების ბიუჯეტები. ასევე 15 მილიონი ლარით იზრდება დევნილთა სამინისტროს დაფინანსება და ეს თანხები სრულად მოხმარდება დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობასა და შეძენას. მინისტრის განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ასევე დაემატება 15 მილიონი ლარი. ეს არის სპორტული ღონისძიებებისა და სპორტული ინფრასტრუქტურისთვის. "მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით, მილიარდი ხდება განათლების სამინისტროს ბიუჯეტი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტია სოციალური მიმართულებები, ადამიანის ჯანმრთელობაზე, განათლებაზე ზრუნვა, დევნილთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და ა.შ. ეს არ ხდება ეკონომიკის ხარჯზე, გაგრძელდება ყველა ის პროგრამა, მათ შორის, "აწარმოე საქართველოში", რომელიც უდაოდ წარმატებულია. თქვენ იცით, რომ 123 უკვე ახალი პროექტია, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებშია და დღეს კიდე 3 დაემატა. ასევე გაგრძელდება პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს უშუალოდ სოფლის მეურნეობის განვითარებას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ასევე საექსპორტო პოტენციალის ზრდას", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, დაახლოებით, მილიარდი იქნება თანხა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო დახარჯავს და ამ თანხის ნახევარი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება. "იზრდება ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსება და გაგრძელდება გაზიფიკაციის პროექტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 300 მილიონი ლარი, რომელიც 2 სხვადასხვა ფონდშია (რეგიონული განვითარებისა და მაღალმთიანი რეგიონების ფონდები) ასევე მოხმარდება ადგილზე შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური, ან სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის მშენებლობას. უნდა აღნიშნოს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტს აქვს 2 მნიშვნელოვანი მახასიათებელი. პირველი - ეს არის ადამიანზე ზრუნვა და მეორე - ეკონომიკური ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის განვითარება", - განაცხადა ხადურმა.