ეკონომიკური ხეირი რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებიდან

რუსეთსა და თურქეთს შორის პოლიტიკურმა დაძაბულობამ ქართული პროდუქტის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობა შექმნა. ეს დაკავშირებულია ეკონომიკურ სანქციებთან, რაც ბოლო პერიოდში რუსეთმა თურქეთს დაუწესა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამ პროცესებიდან ყველაზე მეტ სარგებელს სპეციალისტები სატრანზიტო გადაზიდვების ზრდაში ხედავენ. მათი განცხადებით, რუსეთის მხრიდან თურქეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება, შესაძლოა, ქართულ ეკონომიკაზე პოზიტიურადაც აისახოს. დიდწილად იგი ზიანის მომტანია როგორც ამ ქვეყნისთვის, ასევე საქართველოსთვისაც, თუმცა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამწვავება მნიშვნელოვანად წაადგება საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას. არაფერს ვამბობთ ტურიზმზე, სადაც ყველაზე მეტი სარგებლის მიღება შეიძლება, თუმცა წარმატების მისაღწევად ქვეყანას გონივრული პოლიტიკის გატარება მოუწევს.

ეკონომიკური სფეროს სპეციალისტი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთში აგრარული პროდუქტების ექსპორტი გაიზარდოს. ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამწვავების შემთხვევაში კი სატრანზიტო გადაზიდვების ზრდას ელოდება. "რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობას დადებითზე მეტად მინუსები და რისკი ახლავს. გეოგრაფიულად საქართველო რუსეთსა და თურქეთს შორისაა მოქცეული. ამდენად, ქვეყნებს შორის კონფლიქტი დიდ გავლენას ახდენს საქართველოზეც. სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი და სტარტეგიულია სამხრეთკავკასიური ენერგოდერეფნის გააქტიურება. მართალია, ექსპორტზე გასატანი თითქმის არაფერი გვაქვს, მაგრამ თურქეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება და თურქულ პროდუქტზე უარის თქმა, გზას გაუხსნის ქართულ ნაწარმს რუსეთში”, - განმარტავს ხუხაშვილი.

ყველაზე მეტი შესაძლებლობა, რომ დიდი ოდენობით მოხვდეს რუსულ ბაზარზე, ციტრუსს აქვს, შემდეგ მოდის ხილი და ბოსტნეული. „რუსეთში, ძირითადად, თურქული ციტრუსის იმპორტი ხდებოდა. ამჯერად კი გვაქვს შესაძლებლობა, ქართული პროდუქტით ჩავანაცვლოთ. გასათვალისწინებელია მეორე ფაქტორიც, თუკი თურქეთი რუსულ ბაზარს დაკარგავს, აგრესიული გახდება სხვა ბაზრებისადმი. ბუნებრივია, გაიაფებული სახით შემოაღწევს საქართველოშიც, რაც ქართულ პროდუქციას კონკურენციას გაუწევს. ამით სარგებელს ნამდვილად ვერ ვნახავთ, რადგან არ გაგვაჩნია სხვისი პროდუქციისგან ადგილობირივის დაცვის მექანიზმი. როგორც ვხედავთ, ნებისმიერ ნეგატივს ახლავს პოზიტივიც, თუმცა ქვეყნებს შორის ესკალაცია ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვაწყობს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრის თავმჯდომარე, კოტე აბულაძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა ყველაზე დადებითად ტურიზმის სექტორზე აისახოს. რუსი დამსვენებლების მოსაზიდად საქართველოს მეტი შესაძლებლობა გაუჩნდება. აბულაძის თქმით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სერიოზული მუშაობა მოუწევს, რომ დარგის პრობლემა შედარებით უმტკივნეულოდ დაიძლიოს, პირველ რიგში კი, პრიორიტეტები იცვლება.  „გონივრულ პოლიტიკას თუ გავაგრძელებთ, შესაძლოა, საერთაშრისო პროცესი ჩვენ სასარგებლოდაც გამოვიყენოთ, განსაკუთრებით, ტურიზმის მიმართულებით. ვფიქრობ, ისინი შეგნებულად შეიკავებენ თავს თურქეთსა და ეგვიპტეში დასვენებისგან, ხოლო საქართველოს ექნება საშუალება, ტურისტების ამ ნაწილს საკუთარი კურორტები შესთავაზოს. ასეთ შემთხვევაში აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ რუსი ტურისტები საქართველოში მოვიზიდოთ. ცხადია, ეს არ მოხდება თავისთავად და შედეგის მისაღწევად ჩვენს სახელმწიფოს ძალიან დიდი მუშაობა დასჭირდება“, - ამბობს კოტე აბულაძე.

არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. ანალიტიკოსი ლევან კალანდაძე ფიქრობს, რომ საქართველოში თურქეთიდან და რუსეთიდანაც ფულადი გზავნილები შემცირდება. „ე.წ. ეკონომიკური ომი მნიშვნელოვნად თუ არა, საგრძნობლად გააუარესებს ეკონომიკურ მდგომარეობას როგორც თურქეთში, ასევე რუსეთში. შეუძლებელია, ამ „ეკონომიკურმა ომმა“ ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს ამ ქვეყნების საგადამხდელო ბალანსებზე. შესაბამისად, იგი ადგილობრივი ვალუტების, რუბლისა და ლირას გავცლით კურსებზე აისახება. უნდა ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება ჩვენი მოქალაქეების მიერ უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილები როგორც რუსეთიდან, ისე თურქეთიდანაც. ეს ფაქტორი, შესაძლებელია, განხილულ იქნას როგორც ახალი, დამატებითი საგარეო რისკ-ფაქტორი საქართველოსთვის მთელი 2016 წლის განმავლობაში. საქართველოს საგადამხდელო ბალანსის წონასწორობა და ქვეყანაში ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფა კიდევ უფრო გართულდება“, - განმარტავს კალანდაძე.

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ თუ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბება, ეს არა მარტო ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც მძიმედ აისახება საქართველოზე.

„თუკი რუსეთ-თურქეთს შორის ვითარება უკიდურესად გამწვავდა, ეს კიდევ უფრო შეამცირებს საქართველოს მწირ ექსპორტს, ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად დაიკლებს, რაც ცხადია, მთლიანად ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. ჩვენ უნდა ვისაუბროთ უსაფრთხოებასა და იმ რისკზე, რომელიც რეგიონში დაძაბულობის გამო იზრდება. ახლა სიმშვიდის შენარჩუნება გვჭირდება და თანაც განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან დაპირისპირება საკმაოდ სერიოზული ხდება“, - განცხადა დემურ გიორხელიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

გლობალური პოლიტიკის სპეციალისტი ირაკლი მანველიძე მიიჩნევს, რომ საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, შესაძლოა, უმნიშვნელოდ დაზარლდეს.

ეკონომიკური სარგებლის გათვალისწინებით, იგი ქვეყნებს შორის სიტუაციის ესკალაციას არ ელოდება. როგორც ამ დღეებში გახდა ცნობილი, რუსეთის ფედერაციამ თურქეთიდან საკუთარი მოქალაქე ტურისტებიც გამოიყვანა და ერთობლივი თურქულ-რუსული ბიზნესპროექტებიც შეაჩერა. ამასთან, აუქმებს უვიზო რეჟიმს რუსეთთან და თურქული პროდუქტის შეტანას უკიდურესად ზღუდავს.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"