გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი მზადაა, თურქეთის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება მიანიჭოს

ევროკავშირი მზად არის, თურქეთის მოქალაქეებს 2016 წლის ოქტომბრიდან შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შესვლის უფლება მიანიჭოს. ამის შესახებ "დოიჩე ველე" სააგენტო dpa-ზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, სწორედ ეს ვადები განიხილეს ევროკავშირ-თურქეთის დღევანდელ სამიტზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართა და დევნილთა საკითხის მოგვარებისადმია მიმართული. ამ დრომდე თურქეთთან ვიზების გამარტივების საკითხი არასოდეს განხილულა.

გამოცემის ინფორმაციითვე, ერთ-ერთი პირობაა 2016 წლის ივნისიდან ევროკავშირსა და თურქეთს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმების ამოქმედება. მანამდე ვარაუდობდნენ, რომ შეთანხმება 2017 წლის 1-ელი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. ეს შეთანხმება ევროკავშირიდან თურქეთში მესამე ქვეყნიდან დევნილების დაბრუნებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, ევროკავშირი ანკარისთვის სამი მილიარდი ევროს გამოყოფას აპირებს დევნილების პრობლემის გადასაჭრელად.