წელს ზამთრის კურორტებზე ტურისტთა უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობაა მოსალოდნელი

რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბული ვითარების ფონზე, ზამთრის საკურორტო სეზონის განმავლობაში საქართველომ, შესაძლოა, რუსი ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლოს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ცნობილი ონლაინ ტურისტული სააგენტო "ტრიპსტას" კვლევების მიხედვით, იმ ქვეყნების სიაში, სადაც რუსები ზამთრის შვებულების გატარებას აპირებენ, საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი - მესამე ადგილი უჭირავს. "ტრიპსტას" ექსპერტებმა შეისწავლეს, თუ რა მიმართულებით დაჯავშნეს ავიაბილეთები საახალწლოდ რუსეთის მოქალაქეებმა და მათ მიერ შედგენილი რეიტინგი სწორედ ამას ემყარება. თუმცა, კვლევაში მითითებული არ არის კონკრეტული რაოდენობა, რუსეთის რამდენი მოქალაქე აპირებს ზამთარში საქართველოს მონახულებას.

რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდას პროგნოზირებენ ქართველი ექსპერტებიც, თუმცა მინიმალური რაოდენობით და აქვე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველო ტურისტთა ასეთი მასშტაბური ნაკადისთვის მზად არ არის. "ტრგიპსტას" მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეების მიერ დაჯავშნული ბილეთების მიხედვით, წელს ყველაზე მეტ რუს ტურისტს ტაილანდი მიიღებს. მეორე ადგილზეა ბულგარეთი, სადაც რუსმა ტურისტებმა დიდი რაოდენობის ბილეთები უკვე შეიძინეს, ხოლო მესამე ადგილს საქართველო და გერმანია იყოფენ. აღსანიშნავია, რომ შარშან ანალოგიურ რეიტინგში საქართველო ათეულშიც კი ვერ შევიდა. წელს რუსი ტურისტები საქართველოში ზამთრის სეზონზე საშუალოდ, 7 დღის გატარებას გეგმავენ, ხოლო გერმანიაში - საშუალოდ, 9 დღის. მეოთხე ადგილზე გავიდა იტალია, რომლის პოზიციამაც გასული წლის ზამთრის პერიოდთან შედარებით ორი ნიშნულით დაიწია. თურქეთი და ეგვიპტე, რომლებიც შარშანდელი რეიტინგის ლიდერები იყვნენ, გასაგები მიზეზების გამო, წელს ათეულს მიღმა დარჩნენ. ცნობისათვის, 2014 წლის ზამთარში თურქეთში 4,4 მილიონი რუსი ტურისტი ჩავიდა, ეგვიპტეში კი - 2,5 მილიონი. საქართველოს ზოგიერთ ტურისტულ სააგენტოში რუს ტურისტებს ბილეთები ნაწილობრივ უკვე დაჯავშნული აქვთ. თუმცა, ჯერჯერობით, არა დიდი რაოდენობით.

კომპანია "ფლაი თრეველის" დამფუძნებელი კახა ჯიმშიაშვილი მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე წელს ტურისტების რაოდენობის მატებას ელოდება, თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე დაჯავშნული ბილეთებით ეს არ შეიმჩნევა.

"შარშან ვინც იყო, ჯერჯერობით წელსაც იგივე ჩამოდის. ზოგმა უკვე დაჯავშნა ბილეთები, არიან კიევიდან, მოსკოვიდან, ბელორუსიდან და აზიის ქვეყნებიდან. უფრო მეტი რუსები არიან. ზამთრის კურორტების სეზონი 15 დეკემბრიდან იხსნება. შესაბამისად, წლევანდელ მატებას ჯერ ვერ შევატყობთ. ჯავშნები კი გაკეთებულია, თუმცა შარშანაც ბევრი იყო, მაგრამ მერე ზოგმა გააუქმა. თურქეთში დაძაბული ვითარებაა, საფრანგეთში ხალხი დაშინებულია. ასე რომ, ერთ-ერთი რეალური ადგილი დასასვენებლად არის საქართველო. შესაბამისად, ტურისტების რაოდენობის მომატებას ველოდები. საქართველოში სასტუმროების ფასები ძალიან მაღალია და ცოტას თუ დაწევენ, კარგი იქნება. ყველას ერთ სეზონში უნდა გამდიდრება და ტურისტების შენარჩუნებაზე არავინ ფიქრობს. ძალიან ბევრი სასტუმრო გაიხსნა, რაღაცები იხვეწება. ასე რომ, თუ შემოვიდა ტურისტების ნაკადი, გავუმკლავდებით", - უთხრა "მთელ კვირას" ჯიმშიაშვილმა.

კომპანია "კაპიტალ თრეველის" ბიზნეს ტურიზმის კოორდინატორი ლანა რამიშვილიც ამბობს, რომ დაჯავშნული ბილეთების მიხედვით, რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდაზე საუბარი ჯერ ადრეა. მისი თქმით, ბილეთები ძირითადად მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე იჯავშნება.

"ბევრი ტურისტი ახალი წლის შესახვედრად აქ ჩამოდის. ძირითადად უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი. რუსი ტურისტების რაოდენობას ჯერ არ მოუმატია. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის დაძაბვას გავლენა ჯერ არ მოუხდენია, თუმცა ველოდებით მატებას. როგორც წესი, სულ ბოლოსკენ იციან დაჯავშნა. დასვენების მსურველები ძირითადად ბაკურიანს ანიჭებენ უპირატესობას. სხვათა შორის, ჩვენთან დასვენება ძალიან ძვირი ჯდება. გუდაურში და ბაკურიანში ისეთი ფასებია, ხალხი ამ ფასად პარიზში მიდის დასასვენებლად", - გვითხრა რამიშვილმა.

ტურისტულ კომპანია "ტური ჯორჯიაში" კი, ამ ეტაპზე მხოლოდ ორმა რუსმა ტურისტმა დაჯავშნა ბილეთი.

"ამ ეტაპზე ჯავშანი გაკეთებული აქვთ უკრაინელ ტურისტებს. რუსეთიდან ჯერჯერობით მხოლოდ 2 ჯავშანია. თურქეთის ამბების შემდეგ, რა თქმა უნდა, მათი რაოდენობა მოიმატებს. იქ თუ 4 მილიონი მიდიოდა, ამის 10%-იც რომ საქართველოში შემოვიდეს, დაახლოებით ნახევარი მილიონით მოიმატებს ტურისტების რაოდენობა, რაც ძალიან კარგია. მაგრამ ვფიქრობ, წელს ისედაც ბევრი რუსი ტურისტი ჩამოვა იმიტომ, რომ ახლა უკვე რუსეთის 6 ქალაქიდან არის შესაძლებელი თბილისში ჩამოფრენა. ასე რომ, რუსი ტურისტების მატება აუცილებლად იქნება და ზაფხულში კიდევ უფრო მეტი", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თენგიზ უგრეხელიძე.

ექსპერტის ტურიზმის საკითხებში ნიკა კვარაცხელიას თქმით კი, საქართველოში ისედაც უკრაინელებზე მეტი რუსი ტურისტი ჩამოდის. ხოლო ის, რომ, ვინც თურქეთში ჩადიოდა ახლა ჩვენთან ჩამოვიდეს, წარმოუდგენელია. მისი თქმით, თბილისი სტამბულს ვერ ჩაანაცვლებს.

"8 თვის წინ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რუსი ტურისტების რაოდენობა ისედაც მომატებულია. ახლა მოსკოვიდან უფრო მეტი ჩამოდის, ვიდრე უკრაინიდან. არ ვფიქრობ, რომ ის რუსი ტურისტები, რომლებიც თურქეთში მიდიოდნენ, ახლა ჩვენთან ჩამოვლენ. თურქეთის ჩანაცვლება საქართველოს არ შეუძლია. ჩვენთან, მაგალითად, სასტუმროები არ არის 3-ჯერადი კვებით და სრული მომსახურებით. მეორე - ვერ ჩაანაცვლებს სტამბულს თბილისი იმიტომ, რომ იქ არის დიდი შოპინგ-ცენტრები. სტამბული არის ძალიან იაფი სასტუმროებით და ღირსშესანიშნაობებით. თბილისი კი ასეთი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სავაჭრო ცენტრი გვაქვს. თანაც აუცილებელია, რომ იყოს ინტენსიური საჰაერო მიმოსვლა. სახმელეთო საზღვარი, რომელიც გვაქვს რუსეთთან, არ არის დიდად გამტარუნარიანი. თანაც საზღვარი ჯერ გადის ჩრდილოეთ კავკასიასთან და რუსი ტურისტები ვერ ისარგებლებენ იმიტომ, რომ ძალიან შორს არის", - გვითხრა კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, რუსი ტურისტების დაკმაყოფილება მხოლოდ გუდაურს შეუძლია, ასე რომ, ექსპერტის თქმით, მატება იქნება, თუმცა არა - დიდი.

"რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბული ვითარება თუ გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ტურისტების რაოდენობა მოიმატებს. თუმცა, პროცენტულად დიდად არა. 4 მილიონი კაცი, რომელიც მიდიოდა თურქეთში, ახლა ჩვენთან რომ ჩამოვიდეს, წარმოუდგენელია. თუმცა, ბევრი თუ ჩამოვიდა, ქვეყნის ეკონომიკას ძალიან დიდი წინსვლა ექნება. საყოველთაოდაა ცნობილი რუსი ტურისტების მხარჯველობა. თავიანთი სიამოვნებისათვის და კარგი დასვენებისთვის ფულის გადახდას არ იშურებენ. აქედან 200 ათასი მაინც თუ ჩამოვიდა, ფაქტობრივად, ეს იქნება ტურიზმის რევოლუცია. თუმცა, მე ამას სკეპტიკურად ვუყურებ იმიტომ, რომ ჩვენთან ზამთრის სეზონზე დასვენება შეზღუდულია. რასაც რუსი ტურისტები ელოდებიან, ამის ნაწილობრივ დაკმაყოფილება შეუძლია მხოლოდ გუდაურს. რაც შეეხება ზაფხულს, თუ დარჩა ასეთი დაძაბული ურთიეროთბა რუსეთსა და თურქეთს შორის, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ შემოსავალს მოუტანს საქართველოს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო ამისთვის მზად არ არის იმიტომ, რომ სულ 40 ათასი საწოლი ადგილია სასტუმროებში. რა თქმა უნდა, სასტუმროები გაიხსნა და სამჯერ მეტია, ვიდრე იყო 30 წლის წინ, მაგრამ მათი ტევადობა გაცილებით მცირეა. როცა ტურიზმის ინდუსტრიაზეა ლაპარაკი, უნდა იყოს დიდი ტევადობის სასტუმროები, მაგალითად, 1000 კაციანი. თან რით უნდა ჩამოვიდნენ, არც აეროპორტები არ არის ამისთვის მზად. თბილისის აეროპორტი წელიწადში იღებს მილიონნახევარ ადამიანს და აქედან უცხოელი გაცილებით ცოტაა, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს", - განუცხადა "მთელ კვირას" კვარაცხელიამ.

მოსაზრებას, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით რუსი ტურისტის შემოყვანა ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან კარგია, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი მარინა მეტრეველიც ეთანხმება, თუმცა, კვარაცხელიას მსგავსად, ისიც ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა ამისთვის მზად არ არის.

"საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა ნამდვილად მოიმატებს. თურქეთში ტურისტების 80% რუსები იყვნენ. ახლა ამ ტურისტების ჩვენსკენ გადმობირება იქნებოდა იდეალური საქმე. მაგრამ რამდენად გავუმკლავდებით - ეს უკვე სხვა საკითხია. ეს რუსი ტურისტების ის კატეგორია იქნება, რომელთაც არ დასჭირდებათ დიდი სასტუმროები და დაბალი ფასით დაინტერესდებიან, რაც ჩვენთან არ არის. უნდა შევთავაზოთ მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები. ჩვენთან კი სასტუმროები ძალიან ძვირია. ასე რომ, ზოგადად ტურიზმის პოლიტიკაა შესაცვლელი. პირველ რიგში უნდა გამოვიკვლიოთ, რატომ აქვთ ძვირი პროდუქტი, ეს ხომ მარტო მათი ბრალი არ არის. ასე რომ, ჯერ მთლიანად ტურიზმის პოლიტიკაა გასატარებელი", - გვითხრა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა მარინა მეტრეველმა.

თიკო ოსმანოვა

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"