როგორ გადაიტანს ლარი ზამთრის მძიმე თვეებს

რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ეკონომისტები ლარის კურსის გამყარებას პროგნოზირებენ. იქვე მიუთითებენ, რომ ეროვნულმა ბანკმა აუცილებლად უნდა გამოაქვეყნოს ფინანსური სტაბილურობის ანგარიში და მასზე დაყრდნობით მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშაოს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, 2016 წლის მეორე ნახევრიდან ლარი დოლართან მიმართებაში 2,1-2,15-ის ფარგლებში იქნება. 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერი ქართული ვალუტის ისტორიაში შავ ფურცელზე ჩაიწერება. ეს ის პერიოდია, როდესაც რამდენიმეწლიანი სტაბილურობის შემდეგ ლარმა სწრაფი გაუფასურება დაიწყო. ანალიტიკოსების განცხადებით, გაისად მსგავსი კატაკლიზმები მოსალოდნელი არ არის.

ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაციის დასაწყისად 2014 წლის 25 ნოემბერი ითვლება, იმ დღეს 1 დოლარის ღირებულებამ 1,8 ლარს გადააჭარბა. 2015 წლის 28 იანვარს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში უკვე 2,01 ლარი იყო. ამ მაჩვენებელმა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია და დევალვაციის ობიექტურ მიზეზებს სპეკულაციებიც დაერთო. გაუფასურების პროცესი ძალიან სწრაფად განვითარდა და 19 მარტს ლარი დოლართან მიმართებაში /,2 ლარამდე დაეცა. 29 აპრილს უკვე 2,3-ს გადააჭარბა, ხოლო 26 აგვისტოს 2,41 ლარს. ეროვნული ვალუტისთვის ასევე მძიმე აღმოჩნდა სექტემბერი, როდესაც ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსით, ლარი დოლართან 2,45 ლარამდე გაუფასურდა, ხოლო ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 დოლარი 2,50 ლარიც კი ღირდა.

მიზეზები და პროგნოზი

ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაციის რამდენიმე მიზეზი განიხილება, ერთია საგარეო ფაქტორები. დოლარი რეგიონის ყველა ქვეყნის ვალუტასთან მყარდებოდა და ამ სახელმწიფოების ეკონომიკაც სუსტდებოდა. ამან გამოიწვია ქართული ექსპორტის შემცირება, ამასთანავე იკლო ფულადმა გზავნილებმა, ხოლო საგადასახდელო ბალანსის დეფიციტმა 701,5 მილიონ დოლარს უწია.

მეორე მიზეზად სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა დასახელდა. უკვე ტრადიციად იქცა, რომ სახელმწიფო უწყებები მათთვის გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებს ვერ ითვისებენ, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტები ყოველთვის ვარდება. წლის ბოლოს კი, ბიუჯეტის ხარჯების კუთხით გარღვევის მასშტაბების შესამცირებლად ერთბაშად დიდი რაოდენობის თანხა იხარჯება, რაც, თავის მხრივ, ლარის კურსზე ნეგატიურ წნეხს აძლიერებს.

მესამე მიზეზად, ეროვნული ბანკის პოლიტიკა განიხილება. ეკონომისტების უდიდესი ნაწილი აცხადებს, რომ სებ-ის მიერ რეფინანსირების სესხების მოცულობის სწრაფმა ზრდამ, ინტერვენციებისა და სხვა მონეტარული აგრეგატების არასწორად გამოყენებამ ლარი იმაზე მეტად გააუფასურა, ვიდრე ამის ობიექტური მიზეზი არსებობდა.

უკვე რამდენიმე კვირაა, ლარი დოლართან მიმართებაში სტაბილურობას ინარჩუნებს და 2,4 ლარის ფარგლებში მერყეობს. ანალიტიკოსების აზრით, საგარეო ფაქტორები და საქართველოს დღეს არსებული მაკროეკონომიკური ვითარება ეროვნული ვალუტის გამყარების საფუძველს იძლევა. "საქსო ბანკის" თანადამფუძნებელმა ლარს სეიერ კრისტენმა "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, რომ დოლარი გამყარების პიკზეა, შესაბამისად, გაისად მისი შესუსტება უნდა დაიწყოს. "რაც შეეხება ლარის კურსს დოლართან მიმართებაში, ეს საკითხი ჩვენმა მთავარმა ფინანსისტმა შეისწავლა", - განაცხადა ლარს კრისტენმა.

"საქსო ბანკის" მთავარი ფინანსისტის სტინ იაკობსენის პროგნოზი შედარებით დამაიმედებელია. იაკობსენი მსოფლიოში დოლარის შესუსტებისა და საქართველოში დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, ეროვნული ვალუტის 10%-იან გამყარებას ვარაუდობს.

"აქ გასათვალისწინებელია ერთი ტენდენცია, რომელიც ყველას ყურადღების მიღმა რჩება: დოლარის კურსი უარყოფით კორელაციაშია შეერთებული შტატების მონეტარულ პოლიტიკასთან, შესაბამისად, ინვესტორებს ლარი უდიდეს შესაძლებლობებს უხსნის, რადგან სახეზეა ინვესტორებისთვის აუცილებელი ორივე კომპონენტი - ღირებულება და ფასი. ორივე შემთხვევაში, ვფიქრობ, ლარი საუკეთესო ვარიანტია. გაისად მეტი ინვესტიცია იქნება ინფრასტრუქტურაში ჰიდროენერგეტიკის განვითარების პარალელურად. ამდენად, საუკეთესო მაკროეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა, რასაც 30 ქვეყანაში ჩემი ვიზიტის დროს დავაკვირდი, არის საქართველოში", - განაცხადა სტინ იაკობსენმა და დასძინა, რომ ლარს დიდი შესაძლებლობა გააჩნია კურსის გამყარების თვალსაზრისით.

ეკონომისტ მიხეილ დუნდუას გათვლით, ლარის შემდგომი გაუფასურება მოსალოდნელი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინათ, მცირე დევალვაცია შეინიშნებოდა.

"ეროვნული ვალუტა ისედაც არაბუნებრივად არის გაუფასურებული. ახლა ლარმა გამყარების პროცესი უნდა დაიწყოს. წინა წელთან შედარებით, უარყოფითი სავაჭრო სალდო შემცირებულია. ეს ნიშნავს, რომ სავალუტო გადინების კუთხით გამოსწორებულია ვითარება. თუკი გადაიდგა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები, ლარი შეიძლება გამყარდეს, მაგრამ არ ვიცით, როგორ იმოქმედებს ეროვნული ბანკი. ნებისმიერ შემთხვევაში, წლის ბოლომდე სტაბილურ კურსს ველოდებით და ახალი წლიდან კი ლარის გამყარებას", - ამბობს მიხეილ დუნდუა.

ლარი 2,1-მდე გამყარდება?!

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის ოქტომბერში, ფულის მასა (ქ2-ის აგრეგატი), წინა თვესთან შედარებით 104 მილიონი ლარით 5,638 მილიარდ ლარამდე შემცირდა და ფაქტობრივად, 2014 წლის ოქტომბრის მაჩვენებელს დაუახლოვდა (5,556 მილიარდი). ნოემბერში ქ2-ის კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი. ამასთანავე, ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ (ეროვნული ბანკის ინტერვენციების გარეშე) 405 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 0.4 მილიონი დოლარით (0.1 პროცენტით) ნაკლებია წინა თვის ბრუნვაზე.

რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, სებ-ის მონაცემებით, 2015 წლის ოქტომბერში საქონლით რეგისტრირებული საგარეო ვაჭრობის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16 პროცენტით გაუმჯობესდა და 427.1 მილიონი დოლარი შეადგინა. საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი საანგარიშო პერიოდში 187.7 მილიონი დოლარი, ხოლო რეგისტრირებული იმპორტი - 614.8 მილიონი დოლარი იყო. 2014 წლის ოქტომბერთან შედარებით, ექსპორტი 31 პროცენტით, ხოლო იმპორტი 21 პროცენტით შემცირდა.

ამასთანავე, წინა თვეში სწრაფი ფულადი გზავნილების საშუალებით საქართველოში ჩამორიცხული თანხის მოცულობა 89.9 მილიონ დოლარს, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხის მოცულობა 15.1 მილიონ დოლარს შეადგენს. შარშანდელ ოქტომბერთან შედარებით, ჩამორიცხულმა თანხამ 27.4 პროცენტით, ხოლო ქვეყნიდან განხორციელებულმა გადარიცხვებმა 11.3 პროცენტით მოიკლო. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, მაკროეკონომიკური მდგომარეობა არ უარესდება, ხოლო იმპორტის შემცირებამ და ინვესტიციების მოცულობის გაზრდამ, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების კლებით შექმნილი დეფიციტი დააბალანსა.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი დავით ასლანიშვილის განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურების მთავარი მიზეზი მსოფლიო მასშტაბის სავალუტო ქაოსი გახდა. 2014 წლის ოქტომბერში ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ე. წ. შერბილების პოლიტიკა დახურულად გამოაცხადა. ეს გულისხმობდა იმას, რომ დოლარის ემისია შეწყდა. 2007 წლიდან მოყოლებული 2014 წლის ოქტომბრამდე ფედერალურმა სისტემამ 9-10 ტრილიონი დოლარის მასა დაბეჭდა. ამით მოხდა სხვადასხვა ფასიანი ქაღალდების შეძენა, ტოქსიკურ მდგომარეობაში მყოფი კომპანიებისთვის კრედიტების მიცემა და შედეგად ამერიკამ კრიზისს თავი დააღწია.

"7 წლის განმავლობაში იაფ დოლარს შეჩვეულმა მსოფლიო ეკონომიკამ 2014 წლის ოქტომბერში უცებ აღმოაჩინა, რომ ამერიკული დოლარის ბეჭდვის პროცესი დასრულდა. შესაბამისად, დოლარის მასა და ემისია შემცირდა. ამერიკული ვალუტის მყიდველუნარიანობა ამაღლდა და ეს გამომჟღავნდა ოქროს ფასშიც, როდესაც მისი ღირებულება თითქმის განახევრდა. ასევე მკვეთრად გაიაფდა ნავთობიც", - აღნიშნავს დავით ასლანიშვილი. ამას დაერთო ის, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, რომელიც უარს აცხადებდა (ძირითადად გერმანიის მოთხოვნით) შერბილების პოლიტიკის გატარებაზე, 2014 წლის ნოემბერში დაიწყო ევროს ბეჭდვა. შესაბამისად, ევროპული ვალუტა გაუფასურდა.

ასლანიშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკაზე სხვადასხვაგვარად აისახა. იმ სახელმწიფოებმა, რომლებსაც ძლიერი საექსპორტო ბაზა აქვთ და შედარებით მშვიდ რეგიონში ცხოვრობენ, სავალუტო კრიზისი ნაკლებად მტკივნეულად გადაიტანა. რაც შეეხება საქართველოს, ასლანიშვილი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში საგარეო-სავაჭრო დეფიციტი არის მაღალი, ეკონომიკის ზრდის ტემპები არადამაკმაყოფილებელი და ამ ყველაფერს დაერთო ეროვნული ბანკის არასწორად განხორციელებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო რეფინანსირების სესხების მოცულობის სწრაფი ზრდაც. ამასთანავე, ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ან საერთოდ არ იყენებდა, ან ინტერვენციებს დაგვიანებით ახორციელებდა, როდესაც ამ პროცესს ეფექტური შედეგი არ მოჰყვებოდა. ასლანიშვილის აზრით, თუკი ეროვნული ბანკი ამჯერად მაინც იმოქმედებს თანმიმდევრულად, ლარი გაისად შემოდგომისთვის, ოპტიმისტური გათვლით, 2,1 პუნქტამდე უნდა გამყარდეს.

"ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თებერვალში ვადა გასდის და სავარაუდოდ, მას არ უნდა სურდეს, რომ სებ-ის ისტორიაში შევიდეს, როგორც ყველაზე უარესი მმართველი. ქადაგიძემ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ფუნქცია ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სტაბილურობისა და ლარის კურსის სიმტკიცისთვის, ასე რომ, ფორსმაჟორულ სცენარს აღარ განვიხილავ, რაც შეიძლება ეროვნული ბანკის არასწორ ქმედებას მოჰყვეს, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. თუკი გონივრული პოლიტიკა არ გატარდა, კურსი დარჩება იმავე ნიშნულზე რაც დღეს არის ან მცირედით გაუფასურდება", - ამბობს დავით ასლანიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტების პროგნოზი ლარის კურსთან მიმართებაში დამაიმედებელია, ისინი თურქეთ-რუსეთს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ეროვნულ ბანკს მოუწოდებენ გამოაქვეყნოს ფინანსური სტაბილურობის ანგარიში, რომელიც 2012 წლიდან შეწყვეტილია და მთავრობამ ამ ანგარიშის საფუძვლეზე ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშაოს.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"