დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობა დაძაბული არ იყოს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობა არ იყოს დაძაბული, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "როსსელხოზნადზორის" ოფიციალური წარმომადგენლის ალექსეი ალექსეენკოს იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, თურქეთიდან ხილისა და ბოსტნეულის აკრძალვის ინფორმაციამ რუსეთის მეზობლები გაახარა.

"მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობა არ იყოს დაძაბული, არ მოხდეს ესკალაცია და პირიქით, რაც შეიძლება მალე ამოიწუროს კონფლიქტი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რუსეთში თურქეთიდან ხილისა და ბოსტნეულის შეტანა აიკრძალება. ეს აკრძალვა ძალაში რამდენიმე კვირაში შევა. "როსსელხოზნადზორის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსეი ალექსეენკომ განაცხადა, რომ რუსეთის მოსახლეობას ამ მხრივ უკმარისობა არ ექნება. მისი თქმით, რუსეთი ასეთ პროდუქტებზე ძლიერად არ არის დამოკიდებული, რადგან ქვეყანამ მისი წარმოება ჩრდილოეთ კავკასიაში, კუბანზე, სტავროპოლში, როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში გაზარდა.

"ამ ინფორმაციამ ხილისა და ბოსტნეულის შესახებ აშკარად გაახარა ჩვენი სხვა მეზობლები: იმიერკავკასია, სომხეთი. ეს ინფორმაცია ძალიან პოზიტიურად აღიქვა საქართველომ და აზერბაიჯანმა და ისინი არსებითად გაზრდიან თავისი პროდუქციის მიწოდებას. განსაკუთრებით ხარისხიანი პროდუქციის მოწოდებისთვის მზადაა ირანი", - განაცხადა ალექსეენკომ.

მისივე თქმით, სომხეთი უკვე მზადაა დაიკავოს ეს ნიშა და გაზარდოს ხილისა და ბოსტნეულის წარმოება კონკრეტულად რუსეთის ბაზრის დასაკავებლად.