პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპული სტრუქტურების სახელზე შესაძლოა, მიმართვა მიიღოს

საქართველოს პარლამენტმა ევროკომისიას, ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოს, ევროპულ საბჭოს და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს შესაძლოა, სპეციალური განცხადებით მიმართოს. მიმართვა, რომელიც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პროცესს ეხმაურება, პარლამენტს "თავისუფალმა დემოკრატებმა" შესთავაზეს. ევროპული სტრუქტურების სახელზე შემუშავებული მიმართვის პროექტს უცვლელად გთვაზობთ:

"საქართველო-ევროკავშირის ახალი სახელშეკრულებო ურთიერთობები, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას ეფუძნება, უკანასკნელ წლებში საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. ევროპისკენ სწრაფვა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ურყევი ნება და ისტორიული არჩევანია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტი:

ეფუძნება რა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2015 წლის რიგის, 2013 წლის ვილნიუსის, 2011 წლის ვარშავის და 2009 წლის პრაღის სამიტის დეკლარაციების სულისკვეთებას;

ითვალისწინებს 2015 წლის 3-4 ნოემბრის, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომის დასკვნით განცხადებასა და რეკომენდაციებს, ისევე როგორც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომების ნაყოფიერ შედეგებს;

მიესალმება ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესს, ასოცირების ხელშეკრულების წინასწარი ამოქმედებიდან პირველი წლის შედეგებს და ყველა წარმატებით განხორციელებულ ღონისძიებას მიმართულს პოლიტიკური ასოციაციისა და ეკონომოკური ინტეგრაციის გაღრმავებისკენ;

გამოთქვამს მადლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიმართ ასოცირების ხელშეკრულების დროული რატიფიკაციის გამო და მოუწოდებს დარჩენილ წევრ ქვეყნებს - იტალიასა და ბელგიას, პროცესის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ, ხელშეკრულების ყველა ეკონომიკური და სავაჭრო მუხლების სრულად ამოქმედების ხელშესაწყობად;

აღიარებს, რომ ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების განხორციელება, მათი გრძელვადიანი ამოცანების ჩათვლით, ქვეყნის კომპლექსურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მოდერნიზაციას საჭიროებს, აღნიშნულისათვის კი ევროკავშირთან დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერება და იმპლემენტაციის პროცესში ჯეროვანი კოორდინაციის უზრუნველყოფა არსებითია;

მიუთითებს, რომ ადამიანთა თავისუფალი გადაადგილება უსაფრთხო და კარგად მართულ გარემოში "აღმოსავლეთი პარტნიორობის" ძირითად ამოცანად რჩება. ამის გათვალისწინებით ადასტურებს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია უმნიშვნელოვანესი საკითხია ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგში;

ითვალისწინებს რა, რომ 2015 წლის დეკემბერში დაგეგმილია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პროგრესის ამსახველი ანგარიშის გამოქვეყნება ევროკომისიის მიერ; სრულად ადასტურებს საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით (VLAP) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში და მოუთმენლად ელის რომ დეკემბერში საქართველოს ხელისუფლების მიღწევები იქნება სათანადოდ აღიარებული და ასახული ევროკავშირის დადებით შეფასებაში;

მიმართავს ევროკომისიას წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე და სჯერა რომ მას მოჰყვება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა;

კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესება ხელს შეუწყობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მცხოვრები ხალხის რეინტეგრაციასა და კეთილდღეობას, მეტიც ყველასათვის გამოავლენს ევროკავშირთან პარტნიორობის ნაყოფიერ შედეგებსა და ევროპული არჩევანის უტყუარ სარგებელს;

მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გააგრძელოს მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიების წარმოება და გაავრცელოს უვიზო მოგზაურობის უფლებები და ვალდებულებები".

მიმართვის პროექტის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა.