სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების და ტექნიკის სარგებლობაში გადაცემაზე შეუსრულებელ ვალდებულებებზე ამნისტია ცხადდება

მთავრობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, ტექნიკის სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით შეუსრულებელ ვალდებულებებზე ამნისტიის გამოცხადებასა და გადაუხდელი პირგასამტეხლოების პატიებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით პროექტი პარლამენტში უკვე შევიდა. "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების უზუფრუქტის უფლებით მიმღებ პირს ეპატიება სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენის ვადის დარღვევისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლო.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით მიმღებ პირს ეპატიება გადაცემული ქონების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2014 წლის 1-ელ იანვრამდე დაკისრებული გადაუხდელი პირგასამტეხლო და გათავისუფლდება ამავე თარიღამდე წარმოშობილი სარგებლობის გადაუხდელი საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პრივატიზების (როგორც აუქციონის, ასევე, იჯარა გამოსყიდვის ფორმით) თაობაზე დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გადავადებას, სხვა სახელშეკრულებო პირობებისაგან გათავისუფლებას, სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის საფუძველზე დაკისრებული გადაუხდელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებას და ასევე იჯარა-გამოსყიდვის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის პრივატიზების შემთხვევაში, 2014 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებას.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემძენს, რომელსაც ქონება 100 ლარზე ნაკლებ ფასად არ აქვს გადაცემული, ეპატიება სახელშეკრულებო ვალდებულებების, მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის პირველ იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო. ამასთან, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების ვადა გადაუვადდება 2017 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან გათავისუფლდება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით შემძენს ასევე ეპატიება საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო და გათავისუფლდება 2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან.

როგორც კანონპროექტრის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ე.წ. ამნისტიის აქტის განხორციელების შედეგად, შესაბამის პირებს ჯამში დაახლოებით - 27 500 000 ლარის ფინანსური ვალდებულება ეპატიებათ. ამნისტიის აქტი სულ მცირე 8000-მდე პირს შეეხება.

მთავრობის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ ფერმერთა საქმიანობის ხელშეწყობას და ვალდებულებების შესრულების ტვირთის მოხსნის და გადავადების შედეგად, მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესებას.