დიმიტრი ქუმსიშვილი - მთავრობის პოლიტიკა თამბაქოსთან დაკავშირებით და "თბილისის თამბაქოს" დაფინანსება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, მთავრობის პოლიტიკა თამბაქოსთან დაკავშირებით და სააქციო საზოგადოება "თბილისის თამბაქოს" დაფინანსება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში თამბაქოსთან დაკავშირებით მთავრობის მიდგომა, რომ უნდა შემცირდეს თამბაქოს მოხმარება, ამავდროულად იზრდება აქციზის განაკვეთი, პარალელურად კი პროექტ "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, დაფინანსებული არის სააქციო საზოგადოება "თბილისის თამბაქო".

"არანაირად არ მოდის წინააღმდეგობაში. აქციზთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ნაკისრი გარკვეული ვალდებულება ასოცირების შეთანხმებით სინქრონიზაციის, ხოლო წარმოების ნაწილში ჩვენ მივესალმებით ყველანაირ წარმოებას, მით უმეტეს თუ ის სტანდარტებს აკმაყოფილებს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.