ქარის მოტანილ ენერგიას ხალხი წაიღებს

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ქალაქ გორის მიმდებარედ ქარის პირველ ელექტროსადგურ "ქართლს" ააშენებს. "ქართლი" პირველი საპილოტე პროექტია, რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 34,3 მილიონი აშშ დოლარია. ქარის ელექტროსადგურისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენასა და სამშენებლო სამუშაოებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) დააფინანსებს.

ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ქარის ენერგიის დიდი პოტენციალი აქვს. ქარის ენერგეტიკული ბუნებრივი პოტენციალის მიხედვით ქვეყნის ტერიტორია დაყოფილია მაღალ, საშუალო და დაბალსიჩქარიან ზონებად, სადაც ქარის სიჩქარე წლის განმავლობაში 2,5 მ/წმ-დან 9,0 მ/წმ-მდე მერყეობს, სამუშაო დროის ხანგრძლივობა კი წელიწადში 4000-5000 სთ-ს (165-200 დღე) შეადგენს. ქარის სადგურების მშენებლობის პერსპექტიული მოედნებია: (წლიური გამომუშავება მლნ კვტ/საათი) ფოთი (50,11); ჭოროხი (50,12), ქუთაისი (100,2), მთა-საბუეთი I (150,45), მთა-საბუეთი II (600,2), გორი-კასპი (200,5), ქარავანი (200,5), სამგორი (50,130), რუსთავი (50,15). ჯამი - 1.450,416 მლნ კვტ/საათი.

გიორგი შუკაკიძე, ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: მომზადდა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანგარიში. მოძიებულია ფინანსური რესურსი თანამონაწილეობისთვის. ამ მხრივ აქტიურად ვთანამშრომლობთ EBRD-თან და უკვე გადაწყდა, რომ პროექტს დააფინანსებენ. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ტურბინების დამზადება არის ხანგრძლივი პროცესი, თორემ შესაძლებელია, მშენებლობა 6 თვეში დასრულდეს.

ვვარაუდობთ, რომ 2016 წლის ბოლოსთვის სადგური სრული სიმძლავრით თუ არა, 20 მეგავატით, ანუ დიდი ნაწილით ჩაირთვება ქსელში. პროექტის განხილვისას აქტიური მსჯელობა მიმდინარეობდა, რა სიმძლავრის ტურბინები დაგვედგა. სწორედ სიმძლავრე განსაზღვრავს მათ რაოდენობას. იყო შემოთავაზება 2-, 2,5- და 3-მეგავატიან ტურბინებზე. საბოლოო გადაწყვეტილებას შესყიდვის ფასიდან გამომდინარე მივიღებთ: თუ 3-მეგავატიან ტურბინას შევიძენთ, 7 ერთეული დაიდგმება, 2,5-მეგავატიანი ტურბინების შეძენის შემთხვევაში მათი რაოდენობა გაიზრდება.

- ყველა მასალას უცხოეთში შეიძენთ?

- საჭირო პროდუქცია, დანადგარები საქართველოში არ იწარმოება, ამიტომაც ჩვენი მასალებით მხოლოდ ბეტონის საძირკველს მოვამზადებთ.

- რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ჯონი გიგინეიშვილი ამბობდა, რომ თუ სახელმწიფო ქარის გენერატორების დადგმას გადაწყვეტს, მას შეუძლია დაამზადოს გენერატორები, დგარები, პროპელერები... არაფრის შემოტანა არ დაგვჭირდება, მეტიც, ექსპორტზეც გავიტანთო.

- საქართველოში ყველაფრის წარმოება შეიძლება, მაგრამ ჯერ ბაზრის შესწავლაა საჭირო. ამის შემდეგ შესაძლებელია კერძო ინვესტორიც დაინტერესდეს არა მხოლოდ ტურბინების ან სხვა ენერგეტიკული მასალების წარმოებითაც. ჩვენ ამ მიმართულებით სამუშაო არ ჩაგვიტარებია, თუმცა სახელმწიფო მზად არის, ხელი შეუწყოს მსგავსი წინადადების განხორციელებას. სამწუხაროდ, არ გვაქვს შესაძლებლობა, ენერგეტიკის სამინისტრომ თვითონ ჩადოს ფული მსგავსი ტიპის პროექტებში. თუმცა არის რამდენიმე ფონდი, თუნდაც საპარტნიორო ფონდი, რომლებთან ერთადაც შეიძლება ამ წინადადების განხილვა.

- გავრცელებული ინფორმაციით, ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა 2022 წლისთვის დასრულდება. ამ დროისთვის რა მოცულობის ენერგიას მოგვიტანს ქარი?

- კვლევების თანახმად, შესაძლებელია 900 მეგავატის მიღება, თუმცა გარანტირებულად 2022 წლისთვის 400 მეგავატს ველოდებით. ამასთან, ამ დროისთვის, თუ სრულად შევძელით ყველა ენერგეტიკული პროექტის დასრულება, სისტემაში დამატებით 3500 მეგავატი გაჩნდება.

- რამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ?

- 3500 მეგავატის მომცემი ენერგოობიექტების მშენებლობას, სულ ცოტა, 5 მლრდ დოლარი სჭირდება. არ ვიცი, ამხელა თანხა საქართველოსთვის საერთოდ თუ აქვთ გამოყოფილი საფინანსო ინსტიტუტებს.

ეკა ლომიძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე