დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ინტერნეტიზაციის ინფრასტრუქტურის შექმნა ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია

"ჩვენ შევქმენით მოდელი, რომლის მიხედვითაც მაქსიმალურად ეფექტურად და ნაკლები ინვესტიციებით იქნება შესაძლებელი საქართველოს მასშტაბით ინტერნეტის მთლიანი ქსელის აწყობა და დასახლებულ პუნქტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მიყვანა", - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვების საპასუხოდ განუცხადა.

"გაჟღერებული იდეა, რომ საქართველოს ყველა დასახლებული პუნქტი, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დაფარულიყო ინტერნეტით, ჩვენ, პირველ რიგში, შევთავაზეთ კერძო სექტორს, რომ მათ გამოეთქვათ თავიანთი სახსრებით პროექტში მონაწილეობის სურვილი და აეღოთ სახელმწიფოს წინაშე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის ვალდებულება. ამ ინფრასტრუქტურის შექმნა პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ის იძლევა შესაძლებლობას, ქვეყანა ხარისხობრივად წინ წავწიოთ ამ მიმართულებით. ამავე დროს, არსებობს ევროპის სტრატეგია, სადაც პირდაპირ არის გაწერილი ვალდებულება, ევროპის ქვეყნებში რა სიჩქარისა და ხარისხის ინტერნეტი უნდა მიეწოდოს მომხმარებელს. იმ ეტაპზე, სამწუხაროდ, კერძო სექტორმა არ გამოთქვა სურვილი, რომ თავისი სახსრებით დაეფარათ მთელი საქართველო", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ამის შემდეგ მთავრობამ უკვე რამდენიმე მიმართულება განიხილა, მათ შორის არის კომბინირებული მიმართულება. "ჩვენ კონსულტანტების, გერმანული კომპანია "დეტეკონის" მეშვეობით, რომელიც შეირჩა ტენდერის შედეგად, შევქმენით იდეალური ქსელი. ეს არის ის მოდელი, რომლის მიხედვითაც მაქსიმალურად ეფექტურად და ნაკლები ინვესტიციებით იქნება შესაძლებელი მთლიანი ქსელის აწყობა და დასახლებულ პუნქტებში, ცენტრებში, სკოლებში, პოლიციის შენობებში, გამგეობებში და ა.შ. ამ ინფრასტრუქტურის მიყვანა", - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დონორთან ერთად გააკეთებს მხოლოდ ინფრასტრუქტურას და არ შევა ინტერნეტის ბიზნესში.

"ეს კატეგორიულად მიუღებელია. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიყვანთ მხოლოდ ინფრასტრუქტურას, რომლის მეშვეობითაც შემდეგ უკვე კერძო სექტორი მიიყვანს საბოლოო მომხმარებლამდე სერვისებს, ხოლო მომხმარებელი მომსახურების თანხას გადაუხდის კერძო სექტორს ანუ ინტერნეტ-პროვაიდერს. ზუსტად იმიტომ, რომ ეს არის ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, იქნა მოძებნილი კერძო და საჯარო პარტნიორობის ფორმა - ეს არის ააიპი, რომელსაც ჰყავს დონორი, ფონდი "ქართუ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის ინტერნეტიზაცია არ არის მარტივი პროცესი, მას ახლავს მეორე ნაწილიც, ეს არის ინტერნეტის ცოდნის ამაღლების ნაწილი, ასევე ვაუჩერიზაციის ნაწილი, და ა.შ. "ჩვენ მოსახლეობაში უნდა ავწიოთ ინტერნეტის მოხმარების ცოდნა და შევქმნათ სასწავლო ცენტრები, მომავალში კი მათ მივაწოდოთ ის იაფი მოწყობილობები, რომლითაც ინტერნეტს მოიხმარენ. ეს არის ძალიან დიდი და კომპლექსური პროექტი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.