"ავღანეთმა შესაძლოა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ტვირთების გადაზიდვებისთვის გამოიყენოს"

აზერბაიჯანში არ გამორიცხავენ, რომ მომავალში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ავღანეთი ისარგებლებს.

ამის შესახებ სააგენტო „ტრენდს“ აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ფიქრეთ სადიკოვმა განუცხადა. „ორ ქვეყანას შორის საკმაოდ მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებია დამყარებული. იგეგმება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში სხვადასხვა პროექტების განხორციელება. ავღანეთმა შესაძლოა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ტვირთების გადაზიდვებისთვის გამოიყენოს“, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტით დაინტერესების შესახებ განცხადებები ოფიციალურ ქაბულში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ კეთდებოდა. მაშინ ავღანეთის ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა დავუდ ალი ნაჯაფიმ განაცხადა, რომ „ავღანეთი ამ პროექტით ინტერესდება“, რადგან რკინიგზა ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნების განვითარებას, ასევე ტვირთების მოცულობის ზრდასა და გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

კონკრეტულად რა გეგმები აქვს ავღანეთს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, ამის შესახებ სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი, როცა ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ განი აჰმადზაი ბაქოს ვიზიტით ეწვევა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართავს შეხვედრას.