გიორგი კვირიკაშვილი - დინამიური განათლების სისტემის შექმნით, თავიდან ავიცილებთ ახალგაზრდების დაუსაქმებლობას

დინამიური განათლების სისტემის შექმნით, თავიდან ავიცილებთ ახალგაზრდების დაუსაქმებლობას , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტი დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობის კიდევ ერთი უმთავრესი სტრატეგიული მიმართულება განათლების სფეროა. მისი თქმით, განათლება მთლიანად აიგება მომავალზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარების ირგვლივ. კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარების ტენდენციებზე ორიენტირებული სისტემა უნდა შეიქმნას.

"დინამიური განათლების სისტემის შექმნით თავიდან ავიცილებთ ახალგაზრდების დაუსაქმებლობას, ვინაიდან ყველა პროგრამა ორიენტირებული იქნება ქვეყანაში არსებულ მოთხოვნებზე. ამ პროცესში მაქსიმალურად ჩავრთავთ კერძო სექტორს იმ პირობით, რომ განათლება ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოქალაქისთვის. გამოვიყენებთ საჯარო კერძო პარტნიორობის მოდელებს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, მთავრობამ დაიწყო სახელმწიფო სივრცითი დაგეგმარების პროექტი. "უახლოეს მომავალში გაფორმდება კონტრაქტი მსოფლიო მასშტაბის საუკეთესო კომპანიასთან, რომელიც საქართველოს სივრცითი განვითარების გეგმას შეადგენს და გვექნება ქვეყნის გეგმაზომიერი განვითარება. ჩვენი ზრუნვის საგანი იქნება გარემოს დაცვა და სუფთა ეკოლოგიური საცხოვრებელი პირობების შექმნა, რადგან არ არსებობს ეკონომიკის განვითარება გარემოს დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გარეშე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.