საქართველოში პირველი მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა წელს დაიწყება

მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე იგეგმება.

”საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გაზსაცავი არ გააჩნია, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის გაზის მოწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის, აგრეთვე მოწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის გამო”, - აცხადებენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში.

მშენებლობის დასრულების შემდეგ გაზსაცავში 230-250 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც დღევანდელი მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 10-15%-ს შეადგენს.

მიმდინარე წლის დასაწყისში საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე შერჩეული ფრანგული კომპანია GEOSTOCK SAS-ი მიწისქვეშა გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებას დაასრულებს.

გასული წლის ივნისში, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს გაზსაცავის პროექტირებაში ევროპული სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების გამოყენებას, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო ნორმების უზრუნველყოფას.

სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე გაზსაცავის მშენებლობის დასრულება 2019 წლისთვისაა დაგეგმილი. წინასწარი შეფასებით, ქვეყნის გარედან გაზის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში, გაზსაცავი სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობისა და ენერგეტიკული სექტორის გარანტირებულ, უწყვეტ მომარაგებას სავარაუდო პიკური მოხმარებისა და კრიტიკულ სიტუაციებში.

გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტის მომზადებაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ქართველი სპეციალისტებიც.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე