მსოფლიო ბანკი 2018 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 5%-იან ზრდას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკი 2016 წელს საქართველოს ეკონომიკის 3%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც 0,5%-ით მეტია წინა წლის 2,5%-იან ზრდის პროგნოზთან შედარებით.

ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშში „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები“ არის ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2017 წელს 4,5%-მდე გაიზრდება, 2018 წელს კი 5,0%-ს მიაღწევს.

ამასთან ერთად, ანგარიშის თანახმად, მცირედით გაიზრდება მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2016 წელს და 2,9%-ს შეადგენს. 2015 წელს მსოფლიო ბანკის მონაცემებით, გლობალური ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2,4% იყო.

„განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკები 2016 წელს საშუალოდ 4,8%-ით გაიზრდება 2015 წლის 4,3%-იან მაჩვენებელთან შედარებით. 6,9%-დან 6,7%-მდე შენელდება ჩინეთის ეკონომიკური ზრდა, 2,5%-დან 2,7%-მდე გაიზრდება აშშ-ის ეკონომიკა, რუსეთი და ბრაზილია კი კვლავ რეცესიის მდგომარეობაში დარჩებიან“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

როგორც მსოფლიო ბანკის ანგარიშშია აღნიშნული, 1,5%-დან 1,7%-მდე გაიზრდება ევროზონის ეკონომიკა.

მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ ეკონომიკის განვითარების შენელებულმა ტემპებმა შესაძლოა, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს მსოფლიოში სიღარიბის დაძლევის მიზნის მიღწევასა და საყოველთაო კეთილდღეობის დონის ამაღლებაზე.

„მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობის 40%-ზე მეტი ცხოვრობს განვითარებად ქვეყნებში, სადაც 2015 წელს ზრდა შენელდა. აუცილებელია, რომ, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების პირობებში, განვითარებადმა ქვეყნებმა ყურადღება გაამახვილონ მდგრადობის ამაღლებასა და მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვაზე. მმართველობის სფეროს რეფორმირებამ და ბიზნესის წარმოებისთვის პირობების შექმნამ შესაძლოა, უზრუნველყოს მნიშვნელოვანი სარგებელი და დააბალანსოს ზეგავლენა, რაც მსხვილ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელებით არის გამოწვეული“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ჯიმ იონგ კიმის განცხადებაში.