აზერბაიჯანული მანათის გაუფასურებას მასობრივი გამოსვლები მოჰყვა

ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემის ფონზე მიმდინარე ევრონული ვალუტის გაუფასურებისა და კატასტროფული ინფლაციის გამო აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქი და რაიონული ცენტრი მასობრივმა მღელვარებამ მოიცვა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, განსაკუთრებით მძლავრი გამოსვლები იყო ლენქორანში, ფიზულიში, სიაზანსა და აღჯაბედიში.

ამას წინ უძღოდა 21 დეკემბერს ადგილობრივი ვალუტის, მანათის, მკვეთრი დაცემა მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკი ვალუტის ფიქსირებული კურსიდან ე. წ. მცურავ კურსზე გადავიდა. ეს 2015 წლის მანძილზე მანათის რადიკალური დევალვაციის მეორე შემთხვევა იყო. მანამდე, თებერვალში, ეროვნულმა ბანკმა მანათის კურსი დოლარის მიმართ 3,3%-ით დასწია. სულ 2015 წელს მანათის კურსი დოლართან მიმართებაში განახევრდა.

სიაზანში, რომლის მოსახლეობის დიდ ნაწილს ეთნიკური ტატები და ლეკები შეადგენენ, მომიტინგეებსა და პოლიციის სპეცრაზმს შორის შეტაკებაც მოხდა. დაჭრილთა შორის, ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთი ბავშვიცაა.

აზერბაიჯანში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო მიმდინარე მოვლენებზე ფრიად მწირი ინფორმაცია ვრცელდება. არ არის ცნობილი დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა. ცნობილია, რომ ლენქორანში, სადაც ასევე თალიშები, კიდევ ერთი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, დააკავეს რამდენიმე პოლიტიკური ფიგურა, მათ შორის ოპოზიციური მუსავატური პარტიისა და ეროვნული ფრონტის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები.

მასობრივი პროტესტის უშუალო მიზეზი გახდა აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტის - მანათის  მკვეთრი გაუფასურება, რამაც სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების მატება გამოიწვია. დაიხურა ბევრი საწარმო, ზოგიერთ დაწესებულებაში დასაქმებულებს კუთვნილი ხელფასები არ მისცეს.

აქციაზე, რომელიც ქალაქ სიაზანში აღმასრულებელი ხელისუფლების შენობასთან გუშინ გაიმართა, 1000-მდე აქტივისტი იყო შეკრებილი. მომიტინგეები წინა დღით აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მოგვიანებით აქტივისტებმა ქალაქის რაიონულ გამგეობასთან გადაინაცვლეს, თუმცა ადგილზე მალევე გაჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი, რომელმაც მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

"სროლის ხმა გავიგეთ, რომელიც სკოლასთან ახლოს გაისმა, შეშინებული ბავშვები სახლში დაბრუნდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქ სიაზანსა და ლიმანში ფასების მატების და უმუშევრობის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა. ისინი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების მატებას აპროტესტებდნენ.

"საღამოს საათებში კი ქალაქში აქტივისტების დაკავება დაიწყო. აღმასრულებელი ხელისუფლების შენობასთან აქცია პოლიციამ დაარბია. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, დააკავეს 30-40 ადამიანი", - ამბობს ადგილობრივი აქტივისტი "კავკაზკი უზელის" კორესპონდენტთან საუბრისას.

აქციაზე 13 წლის ბავშვი ცრემლსადენი გაზით მოიწამლა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის პარალელურად მომიტინგეებმა ქალაქ ახსუში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. გამოსვლები იყო ფიზულის რაიონის იმ ნაწილში, რომელიც აზერბაიჯანის დე ფაქტო იურისდიქციაშია (შეგახსენებთ, რომ ამ რაიონის დიდი ნაწილი, მათ შორის ადმინისტრაციული ცენტრი, 1993 წლიდან მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ნაწილების მიერ არის დაკავებული).

ბლოგერებისა და მედიააქტივისტების ცნობით, საპროტესტო აქციების გაგრძელება აზერბაიჯანის სხვა ქალაქებშიც იგეგმება. ადგილობრივები ამბობენ, რომ აქციებს მანამ არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნების გარკვეული ნაწილი მაინც არ დაკმაყოფილდება.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკური პრობლემები ნავთობზე ფასის მკვეთრმა დაცემამ გამოიწვია. არადა, ქვეყანა შემოსავლის სამ მეოთხედს ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან იღებს. ამას დაემატა ფინანსური კრიზისი რუსეთში, სადაც მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი მუშაობს, რამაც ჩრდილოეთიდან ფულადი გადარიცხვები მინიმუმამდე დაიყვანა.

სალომე სარიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"