ევროკომისიის პრეზიდენტი - 2016 წლის ევროკომისიის პრიორიტეტი ევროკავშირში ეკონომიკური ზრდა და დასაქმება იქნება

ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, 2016 წლის ევროკომისიის პრიორიტეტი ევროკავშირში ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების უზრუნველყოფა იქნება. როგორც "ევრონიუსი" იტყობინება, იუნკერმა გადაუწყვეტ პრობლემებად დაასახელა - უკრაინაში არსებული მძიმე ვითარება, რუსეთთან უთანხმოება და ტერორისტული საფრთხეები. ევროკომისის პრეზიდენტის შეფასებით, ევროკავშირი მიგრაციული კრიზისისთვის მზად არ იყო. "ევრონიუსი" წერს, რომ იუნკერმა ასევე უარყოფითად შეაფასა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის განცხადებები, რომლებსაც მიგრანტების მიღება არ სურთ.

"კომისიამ ყველაფერი გააკეთა, რაც კი იყო შესაძლებელი ძალიან მძიმე პირობებში. თუმცა, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას, როგორც ჩანს, შეექმნა პრობლემები მინისტრთა საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებასთან დაკავშირებით", - განაცხადა იუნკერმა. მისი თქმით, თუ 2016 წელს არ შესრულდება ნაკისრი ვალდებულებები, ევროკავშირში ნდობის კრიზისი შეიქმნება. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ შენგენის ზონა მიგრაციულ ზეწოლას ვერ გაუძლებს და ევროკავშირის შიგნით თავისუფალი გადაადგილება შეიზღუდება, ეს მძიმე დარტყმას მიიტანს ეკონომიკაზე და უმუშევრობას გაზდის.

"გასული წელი ევროპისთვის მძიმე იყო. ყველაფერი რთულად იქნება წელსაც. მაგრამ არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს დასასრულის დასაწყისია", - დასძინა იუნკერმა.