საქართველოს მოსახლეობის 7,4% შიმშილობს

მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მესამედი შიმშილობს. ამის შესახებ საუბარია სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის დასკვნაში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, კვლევა 2015 წლის მონაცემებს ეყრდნობა. ინსტიტუტმა ასევე დაადგინა ე.წ. შიმშილობის ინდექსი სხვადასხვა ქვეყნისათვის და შესაბამისი სიაც შეადგინა.

განვითარებული ქვეყნების უმეტესობა ამ სიის მიღმა დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ პრაქტიკულად არავინ შიმშილობს. რაც შეეხება საქართველოს, კვლევის ავტორთა ანგარიშით, 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის 7,4% შიმშილობდა.

აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. მაგალითად, აზერბაიჯანში მოსახლეობის მხოლოდ 1,7% შიმშილობს, სომხეთში - 5,8%, თურქეთში - 0,2% და რუსეთში - 0,7%.

ყველაზე სავალალო მდგომარეობა ჰაიტიზეა, სადაც მოსახლეობის 53,4% შიმშილობს, შემდეგ მოდიან ზამბია - 47,8%, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - 47,7%, ნამიბია - 42,3%, ჩრდილოეთ კორეა - 41,6% და ჩადი - 33,4%.

აღსანიშნავია, რომ სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტს "შიმშილობის ინდექსი" კიდევ რამდენჯერმე აქვს გამოქვეყნებული - 1995, 2000 და 2005 წლებში, საქართველოში კი, მათი დასკვნით, ასეთი მდგომარეობა იყო: 1995 წელს საქართველოს მოსახლეობის 46,4% შიმშილობდა, 2000 წელს - 14,8%, 2005 წელს კი - 6,3%.

ქართველ სპეციალისტთა შეფასებები კვლევის იმ შედეგთან დაკავშირებით, რომ 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის 7,4% შიმშილობდა, არაერთგვაროვანია.

სტატისტიკის სპეციალისტის ნოდარ კაპანაძის განმარტებით, ეს რეალური მაჩვენებელია.

7,4% - ეს მაჩვენებელი მაღალია, თუმცა მასზე დაყრდნობა შეიძლება. ეს მონაცემი რეალობასთან ახლოსაა, რადგან არსებულ მონაცემში ადამიანი შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზის გამო მოხვდეს. მაგალითად, საკვები ენერგიის ნაკლებობა და დიეტა.

"თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც შიმშილობის ზღვარზე არიან მისული, ანუ ისეთი ადამიანები, რომლებსაც საარსებო მინიმუმი არ გააჩნიათ. ასეთი კი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 7-10%-ია.

"არ მგონია, ამ პროცენტულ მაჩვენებელში შიმშილისგან სიკვდილის პირას მისული ადამიანები იგულისხმებოდნენ, რადგან ეს მაჩვენებელი უფრო დიდი იქნებოდა. ხშირად არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა არ იციან, რა რაოდენობის საკვები უნდა მიიღონ იმისთვის, რომ ამ პროცენტულ მაჩვენებელში არ მოხვდნენ", - განმარტა კაპანაძემ.

ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძის განმარტებით, საქართველოში ბევრად უფრო ცუდი მდგომარეობაა, ვიდრე სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებშია ასახული. მისივე ცნობით, საქართველოში 1.2-დან 1,5 მილიარდამდე ადამიანს კვებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა აქვს.

"მოშიმშილე ადამიანი არის ის, ვინც ყოველდღიურად ფიზიოლოგიურ შიმშილს განიცდის. ადამიანმა რომ შეძლოს არსებობა, ყოველდღიურად მას 2 300 კალორია სჭირდება, თუმცა ეს მინიმუმია, ამაზე ნაკლები უკვე მის სიკვდილს გამოიწვევს.

"უნდა ხდებოდეს საკვების დაბალანსება. მაგალითად, მცენარეული საკვები ცხოველურთან შედარებით ნაკლები უნდა მიიღოს ადამიანმა. შიმშილის პრობლემა საქართველოში გაცილებით მეტ ადამიანს აქვს და მათი რაოდენობა 7,4%-ზე მეტია.

მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა საქართველოში 250 ათასამდეა. 7,4% ფაქტობრივ მდგომარეობას ვერ ასახავს და იგი 30% მაინც უნდა იყოს. ჩვენს ქვეყანაში მილიონ ორასი ათასიდან მილიონნახევრამდე ადამიანს სერიოზული პრობლემა აქვს კვების რაციონთან დაკავშირებით", - განმარტა "მთელ კვირასთან" საუბრისას არჩვაძემ.

ექიმთა განმარტებით, შიმშილობა ნიშნავს ისეთ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი ყოველდღიურად საკვების სახით იმაზე ნაკლებ კალორიას ღებულობს, ვიდრე მისი ფიზიკური არსებობისათვისაა აუცილებელი. კალორიების აუცილებელი მინიმალური რაოდენობა კი ასაკისა და სქესის მიხედვით სხვადასხვაა: ზრდასრულმა ქალბატონებმა დღის განმავლობაში საშუალოდ 1600-1800 კალორია უნდა მიიღონ, მამაკაცებმა - 2000-2500 კალორია, ხოლო 12-16 წლის მოზარდებმა - ასევე 1600-1800 კალორია.

ლიკა გურაბანიძე

გაზეთი "რეზონანსი"