აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ თურქული პროდუქციის იმპორტი აკრძალა

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ თურქეთიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი აკრძალა.

რუსული მედიის ცნობით, ე.წ მთავრობამ იმ პროდუქტების სია დაამტკიცა, რომელთა იმპორტიც 2016 წლის 1 მარტიდან შეიზღუდება. შესაბამისი ბრძანება დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პრემიერ-მინისტრმა, არტურ მიკვაბიამ გასცა.

„საუბარია თევზზე, თევზის ხორცსა და თევზის ფქვილზე, ასევე კარტოფილზე, პომიდორზე, ხახვზე, კომბოსტოსა და კიტრზე. რაც შეეხება ხილს, შეზღუდვა შეეხება ციტრუსს, ყურძენს, ნესვს, საზამთროს, ვაშლს, მსხალს, პაპაიას, კომშს, გარგარს, კენკრას, ატამს, ქლიავსა და კვრინჩხს“, - აღნიშნულია დე ფაქტო მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, აკრძალვა არ შეეხება პირადი მოხმარების მიზნით იმპორტირებულ პროდუქციას. როგორც რუსული მედია იტყობინება, აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტში აცხადებენ, რომ დაშვებული იქნება პირადი მოხმარების მიზნით 50 კილოგრამამდე საკვები პროდუქციის იმპორტი.

დე ფაქტო აფხაზეთი რუსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს გასულ კვირას შეუერთდა. ე.წ მთავრობაში აცხადებენ, რომ აფხაზეთისთვის ამას უარყოფითი გავლენა ექნება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი იყო რუსეთთან გაფორმებული „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების“ გამო.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერ სანქციას აქვს ნეგატიური ეკონომიკური გავლენა, მაგრამ ამ ზომების მიღება აუცილებელი იყო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან არსებული კავშირებიდან გამომდინარე“, - განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ ეკონომიკის მინისტრმა, ადგურ არძინბამ.

მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, თურქეთიდან აფხაზეთში იმპორტის მოცულობა წელიწადში დაახლოებით 1,5 მილიარდი რუბლია, ექსპორტის მოცულობა კი დაახლოებით 1,3 მილიარდ რუბლს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე