რა ფაქტორები შეუშლის ხელს მსოფლიო ეკონომიკურ ზრდას

საერთაშორისო სავალუტო ფონდში მსოფლიო ეკონომიკური ზრდის წინააღმდეგ არსებულ მთავარ საფრთხეებზე საუბრობენ.როგორც ფონდის გენერალური დირექტორი, კრისტინ ლაგარდი აცხადებს, ჩინეთის ეკონომიკაში მიმდინარე ძვრები, დაბალი სასაქონლო ფასები და მსოფლიოში ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკა გლობალური ეკონომიკის მთავარ საფრთხეებს წარმოადგენს.

თუმცა, ლაგარდმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთის მთავრობა სწორი მიმართულებით წავა, რაც გლობალურ ეკონომიკურ რისკებს შეამცირებს.

„მეორე მთავარ რისკს სასაქონლო ფასები წარმოადგენს. ამას ბოლო ხუთი წლის ტენდენციის მიხედვით ვამბობ, წელს კი ნავთობის ფასების კლებამ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გააძლიერა. რაც შეეხება მესამე რისკს, მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალური ბანკების მონეტარულმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ განვითარებადი ქვეყნებიდან განვითარებულ ქვეყნებში დიდი რაოდენობის კაპიტალი გავიდა, დაბალ სასაქონლო ფასებთან ერთად კი ამან განვითარებადი ქვეყნების ვალუტების გაუფასურება გამოიწვია“, - განაცხადა ლაგარდმა.

თუმცა, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, 2016 წელს 3,4 პროცენტიანი მსოფლიო ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი.