ქართულ ლაბორატორიაში თაფლი ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემოწმდება

ქართულ ლაბორატორიაში თაფლის ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემოწმება გახდება შესაძლებელი.

სსიპ "სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ" რეაკრედიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა. ამერიკული სააკრედიტაციო ორგანო, სფეროში სიდიდით მეორე კომპანია ANAB ქართულ ლაბორატორიას 17-დან 22 იანვრის ჩათვლით აკვირდებოდა. შედეგად ლაბორატორიის სააკრედიტაციო სფერო გაფართოვდა და დაემატა სურსათის, მათ შორის თაფლის ქიმიური კვლევის, ასევე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაავადებების კვლევა.

ლაბორატორიის დირექტორის ლალი მაძღარაშვილის განცხადებით, საერთაშორისო დონეზე აღიარებული ლაბორატორია ქართული თაფლის ევროპის საექსპორტო ბაზარზე გასვლის ერთ-ერთი წინაპირობა და უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

,,ეს გახლავთ ანალიზური ქიმიის უახლესი მეთოდი, რომელიც იკვლევს თაფლში ანტიბიოტიკების ნარჩენების, სხვადასხვა აკრძალული თუ ლიმიტირებული ნივთიერებების შემცველობას. ქართული თაფლის ევროპის საექსპორტო ბაზარზე გასვლის ერთ-ერთი წინაპირობა და უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომ ქვეყანაში არსებობდეს საერთაშორისო დონეზე აღიარებული, აკრედიტაციის მფლობელი ლაბორატორია“, - აღნიშნავს ლალი მაძღარაშვილი.

2013 წელს, გასულ წელთან შედარებით, ქართული თაფლის გამოკვლეულ ნიმუშებში დარღვევების პროცენტული წილი 37%-დან 19%-მდე შემცირდა. 2015 წელს ლატვიაში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით გაგზავნილი 103 ნიმუშიდან, სხვადასხვა დარღვევა 20 მათგანში აღმოჩნდა.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე