ამერიკელი ტრეიდერი პიერ ანდიურანი მომდევნო ორი წლის განმავლობაში ნავთობზე ფასების ზრდას პროგნოზირებს. მისი თქმით, 2016 წლის ბოლოსთვის ერთი ბარელი „შავი ოქროს“ ფასი 50 დოლარს მიაღწევს, 2017 წელს - 70 დოლარს, ხოლო 2018 წელს 90 დოლარამდე გაიზრდება. ამერიკელი ექსპერტი ასევე აცხადებს, რომ ნავთობზე დაბალი ფასი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში შენარჩუნდება.
„ვფიქრობ, ნავთობზე ყველაზე დაბალი ფასი სწორედ ახლაა“, - აღნიშნა პიერ ანდიურანმა, რომელიც გასულ წელს ნავთობის ფასის 30 დოლარამდე შემცირებას პროგნოზირებდა.
ბოლო მონაცემებით, ერთი ბარელი WTI-ის ტიპის ნავთობი 33,62 დოლარი, „ბრენტის“ ტიპის ნავთობი კი 35,99 დოლარი ღირს.
მსოფლიო ბაზარზე ბოლო ერთი წლის განმალობაში ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა. აშშ-ში ერთი ბარელი ნედლი ნავთობი ერთი წლის წინ 100 დოლარზე მეტი ღირდა. ფასების ვარდნა მოთხოვნის შემცირებამ და ჭარბმა წარმოებამ გამოიწვია.