მალთაყვაში ზღვის სანაპირო ზოლზე ბულვარი მოეწყობა

მალთაყვაში ზღვის სანაპირო ზოლზე ბულვარის მშენებლობა-კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 მილიონ 180 ათასი ლარია გამოყოფილი.

2015 წელს ამ თანხიდან მილიონ 500 ათასი ლარი იქნა ათვისებული, 2016 წელს კი 2 მილიონ 680 ათასი ლარის სამუშაოები განხორციელდება.

მალთაყვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ და ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ დაათვალიერეს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,პირამიდა FR''-ის ფილიალი, პროექტირების შემდეგ, პირველი ეტაპის სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს. მიმდინარეობს პლაჟთან მისასვლელი გზის მშენებლობა და რეაბილიტაცია.

პროექტის მიხედვით, ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მოეწყობა შიდა მომსახურების გზა ღია ავტოსადგომებით. 370 მეტრზე მოხდება საფეხმავლო გზის (ბულვარის) მშენებლობა და მცირე არქიტექტურული ფორმების განთავსება. პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

პროექტის მიხედვით, მთლიანად სანაპირო ზოლზე გათვალისწინებულია გაზის, ელექტროენერგიის, წყლის, საკანალიზაციო კომუნიკაციების გაყვანა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა.

პროექტის სრული ღირებულება 18 მილიონ 507 ათას ლარს შეადგენს.