გიორგი მარგველაშვილი - მისასალმებელია ყველას პოზიცია, რომ ჩვენ კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ სოციალურ დახმარებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე

მისასალმებელია, რომ თქვენ ყველა იზიარებთ ამ პოზიციას, რომ ჩვენ კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ სოციალურ დახმარებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ განაცხადა, როდესაც მან დეპუტატებს მიმართა.

"მისასალმებელია, რომ თქვენ ყველა იზიარებთ ამ პოზიციას, რომ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით უნდა გავაქტიურდეთ და კონცენტრაცია გავაკეთოთ სოციალურ დახმარებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, სოციალურ პროექტებზე. გასაგებია, რომ აქ ერთმანეთის კრიტიკა მიმდინარეობს, მაგრამ ღირებულებით ნაწილში ჩემთვის ძალიან სასიამოვანოა, რომ ჩვენ ყველა ამ საკითხის ირგვლივ ვერთიანდებით", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდნეტის თქმით, დეპუტატებს გარკვეული საკითხების მიმართ აქვთ კრიტიკა, თუმცა არის მიმართულებები, რომლებთან დაკავშირებითაც არის ემოციური თანხმობა, რომ რეფორმებია გასატარებელი.

"საკითხი იმის თაობაზე, რომ სასამართლო სისტემა მართლაც რეფორმის ობიექტი უნდა გახდეს, საკითხი იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტმა, როგორც საკანონმდებლო ორგანომ უნდა მისცეს ისეთი რეფორმები ქართულ საზოგადოებას, რომ მათ ჰქონდეთ მაქსიმალური ნდობა სასამართლო სისტემის, საკითხი დაკავშირებული იმასთან, რომ ეს რეფორმები არა მარტო ინდივიდების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაა, არამედ რეალურად ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობის, ჩვენი განვითარების, ჩვენი ევროპული არჩევნის პირობაა - ამასთან დაკავშირებით მე მიხარია, რომ იგივე ემოცია გამოითქვა. გასაგებია, რომ თქვენ გაქვთ რიგი საკითხების კრიტიკა, მაგრამ მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მიმართულებით რეფორმები გასატარებელი და გასაღრმავებელია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ სამართალს იპოვნიან სასამართლოში, ამ მიმართულებით მივესალმები იმ ემოციურ თანხმობას, რომ ამ მიმართულებით აუცილებად გადასადგმელია ნაბიჯები. კიდევ ერთხელ არა მარტო ინდივიდების უფლებებიდან გამომდინარე, არამედ ქვეყნის სტაბილურობიდან გამომდინარე", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირი მიესალმა იმას, რომ საქართველოს გეოპოლიტიკურ როლთან დაკავშირებით ერთიანი ხედვაა. "ყოველ შემთხვევაში მძაფრი კრიტიკა ამასთან დაკავშირებით არ მომისმენია. ერთიანი ხედვა იმ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის, რომელსაც საქართველო თამაშობს რეგიონში, ეს ფუნქცია, როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანწილად შედგა, მაგრამ ამ ფუნქციას გააჩნია კიდევ უფრო განვრცობილი შესაძლებლობები, რომელიც ძირითადში აღმოსავლეთ-დასავლეთის ვექტორს უკავშირდება. მიხარია, რომ ჩვენ ამას ერთად ვხედავთ. მინდა მადლობა ვუთხრა, ბატონ გუბაზის აქცენტირებას იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა ვექტორებიც შესაძლებელია ამ მიმართულებით", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რამდენადაც ბევრი პროექტი შედგება საქართველოში, მით მეტი ქვეყანა, როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით, იქნება ბუნებრივად დაინტერესებული იმით, რომ "ჩვენი ქვეყანა იყოს სტაბილური და მას არ შეეხოს ის სირთულეები, რომელიც რეგიონშია".