პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი შეარჩია

პრეზიდენტის ადმინისტაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის შერჩევის მორიგი ეტაპი დღეს დასრულდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების შეფასების შედეგად წარმოდგენილი 6 კანდიდატიდან სამმა - კობა გვენეტაძემ, მაია მელიქიძემ და გიორგი ბაქრაძემ ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.

"კანდიდატები წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა. ეს კრიტერიუმებია - პროფესიული განათლება, პროფესიული კვალიფიკაცია და პოლიტიკური მიუკერძოებლობა.

შერჩევის პროცედურა ექსპერტებთან კონსულტაციებს და ქულების ელექტრონულად მინიჭების პროცესს ითვალისწინებდა", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის აღნიშნულ კანდიდატებს და ექსპერტთა მოსაზრებებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, დღეს წარუდგენს.

კანდიდატის შერჩევის პროცესი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების წარმომადგენლები.