როდის არის საუკეთესო პერიოდი უძრავ ქონებაში ფულის დასაბანდებლად

ვალუტის კურსის ცვლილებამ, ფულადი გზავნილების შემცირებამ და სხვა ფაქტორებმა, რომლებიც უძრავი ქონების ბაზართან უშუალო კავშირშია, აღნიშნული ბაზრის მოთამაშეები არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენა. ჩვენ დავინტერესდით, რა პრობლემებია დღეს, საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე და როდის არის ხელსაყრელი უძრავ ქონებაში ფულის დაბანდება.

ეკონომისტ აკაკი ცომაიას თქმით, როდესაც ეკონომიკური ზრდის ტემპი ძალიან დაბალია და ეროვნული ვალუტის გაუფასურების მაჩვენებელი მაღალია, ეს პირველ რიგში უძრავ ქონებაზე აისახება.

"უძრავი ქონება ყოველთვის ძალიან მგრძნობიარეა ამ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ასეთ დროს უძრავ ქონებაზე ფასები გაცილებით სწრაფად ეცემა, ვიდრე რაიმე სხვა საქონელსა და მომსახურებაზე, ამიტომ უძრავი ქონება ყოველთვის ე.წ. ტესტს წარმოადგენს ხოლმე, თუ რა ხდება ეკონომიკაში", - აღნიშნავს აკაკი ცომაია და ამ მიმართულებით ფულის დაბანდების მსურველებს რჩევას აძლევს:

"თუ ამის დიდი აუცილებლობა არ არის, დღეს ნამდვილად არ არის სასურველი უძრავ ქონებაში მოხდეს კაპიტალის დაბანდება. აქ კაპიტალის დაბანდება ხდება მაშინ, როდესაც არსებობს სწრაფი ეკონომიკური ზრდის წინაპირობები", - ამბობს აკაკი ცომაია.

მისივე თქმით, არსებული ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, აღნიშნულ ბაზარში აქტივების დაბანდება მხოლოდ მათთვისაა ხელსაყრელი, ვისაც ლიკვიდური აქტივები აქვს: "თუ ვიღაცას აქვს ფულადი რესურსები, სურს, უბრალოდ, გაყინოს ისინი და შეისყიდოს უძრავი აქტივი, რომელიც დაელოდება პერიოდს, როდესაც ქონება გაძვირდება, მაშინ, დაბანდება შესაძლებელია".

განაგრძეთ კითხვა

თამარ კორკოტაშვილი