სად გაქრა საქართველოს საექსპორტო ენერგორესურსი?

საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში იყო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, გადაიქცა იმპორტიორად

საქართველოს ენერგეტიკაში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა უკვე მეხუთე კვარტალია, კლების ტენდენციით ხასიათდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის სამი კვარტლის წინასწარი შედეგით, ენერგეტიკაში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა დაახლოებით 42 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული ციფრი, პროცენტულად გამოხატული, ეკონომიკის სექტორების მიხედვით, უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხოლოდ 4 %-ის უდრის.

2015 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ენერგეტიკის სფერო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით მეხუთე ადგილს იკავებს. ამ სფეროს წინ უსწრებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, საფინანსო სექტორი, მშენებლობა და დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგეტიკის სფეროს მხოლოდ სამთომოპოვებითი მრეწველობა ჩამორჩება, ბოლო დროს ყველაზე მეტად გაჩერებულ უძრავ ქონებაში განხორციელებული ინვესტიციები კი ენერგეტიკის სფეროში ინვესტირებულის ტოლია.

ენერგეტიკაში ჩადებული უცხოური ინვესტიციების შემცირება სფეროს ექსპერტთა ნაწილის აზრით, საერთაშორისო ინვესტორებისთვის აღნიშნული სექტორის მიმზიდველობის დაკარგვამ და ფართომასშტაბიანი ჰიდროპროექტების (მაგალითად 1 მილიარდიანი პროექტი ხუდონი) განხორციელების გაჭიანურებამ გამოიწვია. ყველასთვის ცნობილია, რომ გარემოზე ზიანის მიყენების ხანგრძლივი პროცესი და ადგილობრივ მოსახლეობასთან თითქმის უშედეგო მოლაპარაკებები ხუდონჰესის შემთხვევაში უკვე წლებია მიმდინარეობს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგურილებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ 2015 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, არსებული 42 მილიონიანი ინვესტიციაც 2009-2011 წლებში დაწყებული პროექტების გაგრძელებისა და დასრულებისთვის საჭირო თანხაა და უკანასკნელ პერიოდში არანაირი უცხოური ინვესტიცია არ შემოსულა. მისი განცხადებით, საქართველოს ჰიდრორესურსი ძალიან დიდია და სწორად შერჩეული პოლიტიკის შემთხვევაში დაწყებულ პროექტებს ბევრად უფრო სწრაფი და ეფექტური დასასრული უნდა მოჰყოლოდა.

,,სამ წელიწადზე მეტია სფერო პრაქტიკულად გაჩერდა, საუბრები მიმდინარეობს, მაგრამ საქმეს ვერ ვხედავთ. გარკვეული პერიოდით შეჩერებულია ნესკრაჰესი, საჭიროა ნამახვანის კასკადის გაგრძელება. რაც შეეხება ჰუდონჰესს, მისი დაწყების და დასრულების პერსპექტივა უკვე ძალიან საეჭვოდ მეჩვენება, ვინაიდან იქ უკვე არის დიდი პრობლემები, რომელთა გადაჭრის გზასაც ვერ ვხედავ. ინვესტორები ტოვებენ ქვეყანას. მე ვერ გეტყვით, ვისი ბრალეულობით ხდება ეს, მაგრამ როცა საუბარი არაა მხოლოდ ერთ ან ორ შემთხვევაზე, ამან სერიოზულად უნდა დაგვაფიქროს და როგორმე მიდგომა უნდა შევცვალოთ“, - აცხადებს ჩალაგაშვილი.

სემეკ-ის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, ტენდენცია გვიჩვენებს, რომ 2016 წელს ინვესტიცია ენერგეტიკაში კიდევ უფრო შემცირდება. მისი თქმით, ბიზნესგარემოს და პოლიტიკური ვითარების შესწავლის გარეშე ქვეყანაში არცერთი ინვესტორი ფულს არ დააბანდებს. ჩალაგაშვილი ამბობს, რომ ინვესტორებს არსებული არასტაბილური გარემო და ბიზნესის ჩავარდნის საფრთხე აშინებთ.

,,საგულისხმოა ისიც, რომ 2012 წლის ჩათვლით გაზაფხულის მიწურულიდან ზაფხულის დასასრულამდე ექსპორტზე გაგვქონდა ელექტროენერგია, რომელსაც ზამთრის პერიოდში უკან ვიღებდით, დღეს ექსპორტიც მკვეთრად შემცირებულია. ფაქტია, რომ რესურსი იყო და საკითხავია, სად გაქრა ის?!“ - აცხადებს გურამ ჩალაგაშვილი.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ენერგეტიკა არის დღევანდელი მთავრობის ყველაზე წარუმატებელი დარგი. მისი თქმით, ინვესტორებისთვის წესით ყველაზე მომხიბლავ სფეროს მიმზიდველობა თანდათან დაეკარგა და ის ფაქტი, რომ ენერგეტიკაში დასაბანდებლად ინვესტორები სულ უფრო ნაკლებ ფულს იმეტებენ, ეროვნულ ვალუტაზეც ახდენს გარკვეულ ზეწოლას.

,,იმის თქმა არ შეიძლება, რომ მხოლოდ ენერგოპროექტები დააზღვევდა ლარს გაუფასურებისგან, მაგრამ მას სერიოზული გავლენა შეეძლო მოეხდინა. დროებითი ეფექტით შემცირებული ტარიფების სანაცვლოდ, სულ მალე მივიღეთ ენერგეტიკაში გაზრდილი ტარიფები, დაკარგული სიმძლავრეები, რომლებიც ამ სამი წლის განმავლობაში საკმაო რაოდენობით უნდა განხორციელებულიყო. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნიდან გადის დიდი რაოდენობის უცხოური ვალუტა ელექტროენერგიის შესასყიდად და საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში იყო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, გადაიქცა იმპორტიორად. სამი წელია ჩვენ უფრო მეტი ელექტროენერგია შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

გოცირიძის განცხადებით, ენერგეტიკა უნდა გამხდარიყო ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მოტორი და მას ჰქონდა დიდი პერსპექტივები, თუმცა მაკროეკონომიკურმა სიძნელეებმა, არაობიექტურმა ტარიფებმა, თავმოუბმელმა მენეჯმენტმა უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შეამცირა.

,,ისე ჩაივლის საარჩევნო ციკლი, ჩვენ ვერავითარ ხელშესახებ მატებას ვერ ვიგრძნობთ ენერგეტიკის სექტორში, თუ არ ჩავთვლით ერთადერთ, გარდაბნის თბოელექტროსადგურის აშენებას, რომელიც 5 წლის წინ დაიწყო და მას ვერაფრით დავაბრალებთ დღევანდელი ხელისუფლების მიღწევას. ლარის გაუფასურებამ, არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, მთავრობის პასიურმა პოზიციამ და დაპირისპირებამ ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლებას შორის, ქვეყანას საინვესტიციო მიმზიდველობა დაუკარგა. მთავრობამ ვერავითარი ალტერნატივა ვერ შესთავაზა ინვესტორებს იმისთვის, რომ შოკები უფრო რბილად ყოფილიყო გადატანილი“, - აცხადებს გოცირიძე.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრისა და ხუდონჰესის ინვესტორი კომპანია ,,ტრანსელექტრიკას“ ტექნიკური დირექტორის დავით მირცხულავას განცხადებით, ენერგეტიკის სფერო დინამიურად ვითარდება. მისი თქმით, არის გარკვეული სირთულეები, მაგრამ დადებითი დინამიკაც იგრძნობა.

მირცხულავას მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ სექტემბრისათვის დაანონსებული ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთება აუცილებლად უნდა დაჩქარდეს. რაც შეეხება ხუდონჰესის მშენებლობის დაწყებას, ,,ტრანსელექტრიკას“ ტექნიკური დირექტორის თქმით, ქმედითი ნაბიჯები ძალიან სწრაფ ტემპში გადაიდგმება.

,,პროექტი შეჩერებულია, მაგრამ მთავრობისგან არის მზაობა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. მოგეხსენებათ, საბოლოო ცვლილებებს ხელი სექტემბერში მოეწერა. ორი კვირის წინ მე მქონდა შეხვედრა მინისტრთან, რომელმაც მითხრა, რომ უახლოეს ხანში გვექნება გარკვეული წინსვლა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ხუდონჰესზე მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა. შედარებითი ანალიზიც რომ გავაკეთოთ, ვერც ერთი ჰიდროელექტროსადგური ამ პროექტს თავისი მნიშვნელობითა და ეფექტურობით გვერდზე ვერ დაუდგება. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში პროექტი სწრაფი განვითარების ეტაპზე გადავა“, - აცხადებს დავით მირცხულავა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში.

ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ენერგეტიკაში რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია ხორციელდება. სამინისტროს მონაცემებით, მთავრობის უკანასკნელი 3-წლიანი მუშაობის შედეგად დაფინანსება მოიპოვა “შუახევის” და “სხალთას” პროექტებმა.

,,სადგურების მშენებლობა შეუჩერებლად მაღალი ტემპებით მიმდინარეობს და მიმდინარე წლის შემოდგომას დასრულდება. დაფინანსება მოიპოვა „დარიალიჰესის“ პროექტმაც, რომელიც წლის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში. მოლაპარაკებები შედგა და ხელშეკრულება დაიდო ინვესტორთან „ნენსკრაჰესის“ მშენებლობაზე, რომელიც გასული წლის შემოდგომას პირველად დაიწყო და მძიმე კლიმატური პირობების მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს დაიწყება და 2019 წელს დასრულდება გაზსაცავის პროექტის განხორციელება, რაც 2009 წლიდან 2013 წლამდე საუბრის დონეს არ გასცდენია. მნიშნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა „ხუდონჰესის“ პროექტის ფარგლებშიც, სახელმწიფოს და საზოგადოების სასარგებლოდ შეიცვალა ინვესტორთან დადებული ხელშეკრულების პირობები, შედგა შეხვედრები და კონსულტაციები მოსახლეობასთან და პროექტის განხორციელებაც ახლო პერიოდში დაიწყება. 2013 წელს მოსახლეობას შეუმცირდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის ტარიფები, რის შედეგადაც მოსახლეობამ მნიშვნელოვანი შეღავათები მიიღო“, - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ქრისტინე გამთენაძე