"წელს ირანიდან სულ მცირე, 100 000 ტურისტის ჩამოყვანას ვგეგმავთ"

რას მოუტანს საქართველოს ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება?

საქართველო ირანთან სავიზო რეჟიმს აუქმებს. 15 თებერვლიდან ირანელები საქართველოში ვიზის გარეშე შეძლებენ ჩამოსვლას. რა ეკონომიკური სარგებელი მოჰყვება ამას ქვეყნისთვის და რამდენ ხანში უნდა ველოდოთ ირანელი ტურისტებისა და ინვესტორების ზრდას საქართველოში?

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამი წლის წინ ირანთან სავიზო რეჟიმი დაწესდა, ირანიდან ჩამომსვლელთა რიცხვი თითქმის ოთხჯერ შემცირდა. ეს შეეხო არა მხოლოდ ტურიზმის სფეროს, არამედ ინვესტიციებსაც. ირანელი ბიზნესმენების დიდმა ნაწილმა საქართველო დატოვა.

„როცა შევიტყვეთ, რომ საქართველოს სავიზო რეჟიმი უნდა დაეწესებინა, მე, მამაჩემმა და ჩემმა ძმამ ვიფიქრეთ, რომ აქ ინვესტიციების განხორციელება საფრთხეებთან იქნებოდა დაკავშირებული. სავიზო რეჟიმის დაწესება ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას შენ არ მოსწონხარ. ინვესტორები ასეთ შემთხვევაში კარგავენ ნდობას. საქართველოში საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიის შექმნას ვაპირებდი, თუმცა, ჩემმა ოჯახმა მითხრა, რომ საქართველოს მთავრობა აღარ იყო სანდო, ვინაიდან ძალიან ხშირად ცვლიდნენ გადაწყვეტილებებს და რეგულაციებს“, - აღნიშნა ირანელმა მორტეზა გოლამიმ.

ქართულ-ირანული ბიზნეს განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, მაჰმუდ დავარი აცხადებს, რომ 1 655 კომპანია დაიხურა, 12 000 ქართველმა კი სამუშაო ადგილი დაკარგა მას შემდეგ, რაც ირანისთვის სავიზო რეჟიმი დაწესდა და ირანელებმა საქართველო დატოვეს. ახლა კი მისი თქმით, ირანელებისთვის სავიზო რეჟიმის კვლავ გაუქმება, საქართველოსა და ირანს უდიდეს სარგებელს მოუტანს.

„პირობა მივეცი საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციას, რომ წელს ირანიდან სულ მცირე 100 000 ტურისტის, მომავალ წელს კი 250-300 000 ტურისტის ჩამოყვანას ვგეგმავთ. ამავე დროს, ვიმედოვნებ, რომ დაახლოებით 5 000 ინვესტორს ჩამოვიყვანთ, რომლებსაც სოფლის მეურნეობის, ენერგოსექტორისა და ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განხორციელება სურთ. არიან ასევე ადამიანები, რომლებიც აქ ტურისტებს ჩამოიყვანენ. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ჩვენ მზად ვართ იჯარით ავიღოთ უზარმაზარი სასოფლო სამეურნეო მიწა კახეთსა და სხვა ადგილებში“, - აღნიშნა დავარმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

სავიზო რეჟიმის გაუქმება ექსპერტების მოსაზრებით, ტურიზმის სფეროსაც დაეტყობა. ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ცნობით, ირანიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა, სავიზო რეგულაციების შემოღების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირანიდან ყველაზე მეტი ტურისტი 2012 წელს შემოვიდა, თითქმის 90 ათასი. 2014 წლიდან მათი რაოდენობა ჯერ განახევრდა, შარშან კი მხოლოდ 25264-მა ირანელმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ირანთან უვიზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ, აუცილებლად გაზრდის ამ ქვეყნიდან საქართველოში შემოსული ტურისტების და ინვესტიციების რაოდენობას, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, რომ ირანთან სავიზო რეჟიმის გამარტივება არის ადეკვატური გადაწყვეტილება.

„ეს გახლავთ ადეკვატური გამოძახილი დღევანდელ რეალობაზე. ეს ეფექტს იქონიებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, მათ შორის ტურისტების რაოდენობაზე, რომელიც ერთი მხრივ, გაიზრდება და მეორე მხრივ, შემოსავლებზე, რომელიც ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოვა", - აღნიშნა ჩოგოვაძემ.

გარდა იმისა, რომ ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ირანელი ტურისტებისა და ინვესტორების რიცხვს გაზრდის, ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძეს მიაჩნია, რომ ირანთან თანამშრომლობის გაღრმავებამ შესაძლოა, ახალი პერსპექტივები შეუქმნას საქართველოს.

„ირანი არის ისეთი პარტნიორი, რომელთან თანამშრომლობამაც აბსოლუტურად ახალი პერსპექტივები შესაძლოა შექმნას. საქართველო მართლაც შეიძლება გახდეს ახლო აღმოსავლეთისთვის და სამხრეთ კავკასიისთვის ენერგოჰაბი“, - აღნიშნავს სანდრო თვალჭრელიძე.

ირანი რეგიონისა და მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის მიმზიდველი მას შემდეგ გახდა, რაც თეირანს დასავლეთმა ეკონომიკური სანქციები მოუხსნა. ექსპერტების მოსაზრებით, სწორედ ამან განაპირობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, გაემარტივებინა ირანთან სავიზო რეჟიმი, რაც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებას მიესალმება თავად ირანის პრეზიდენტი, ჰასან რუჰანიც.

"ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა ირანსა და საქართველოს შორის უნდა გაძლიერდეს, როგორც არასდროს", - აღნიშნა რუჰანიმ.

საქართველოში ირანის ელჩის მოადგილის, მოჰსენ ქებრიაის განცხადებით კი უახლოეს მომავალში ირანში საქართველოდან ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება. მისივე თქმით, თებერვლის თვეში დაგეგმილია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ვიზიტი. ექსპერტების ვარაუდით, ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი.

თამთა ჯიჯავაძე