ექსპორტი 5-წლიან მინიმუმზეა!

ექსპორტის მაჩვენებელი 2011 წლის დონეს დაუბრუნდა. ფაქტორივად ქვეყანას, ამ მიმართულებით 5-წლიანი უკუსვლა აქვს. მიზეზად კი, საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ვალუტების დევალვაცია და ეკონომიკური ვარდნა განიხილება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტების აზრით, თუკი მთავრობა ბიზნესთან მიჭდროდ ითანამშრომლებს, წელს ექსპორტი მცირედით გაიზრდება, თუმცა სერიოზული წინსვლა მოსალოდნელი არ არის.

ექსპორტმა პირველი დიდი დარტყმა 2015 წლის დასაწყისში მიიღო. შარშან იანვარ-თებერვალში ამ მიმართულებით 26%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. რაც შეეხება მთლიან 2015 წელს, უცხო ქვეყნის ბაზრებზე 2.204 მილიარდი დოლარის ქართული პროდუქტი გავიდა - 23%-ით ნაკლები 2014 წელთან შედარებით, ეს ნიშნავს, რომ ექსპორტი 2011 წლის დონემდე დაეცა.

კერძოდ, 2009 წელს ექსპორტის მაჩვენებელმა 1,134 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2010 წელს - 1,677 მილიარდი დოლარი, 2011 წელს - 2,189 მილიარდი დოლარი, 2012 წელს - 2,375 მილიარდი დოლარი, 2013 წელს - 2,908 მილიარდი დოლარი, 2014 წელს - 2,861 მილიარდი დოლარი.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ წელს ექსპორტის მიმართულებით ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენცია იკვეთება. ერთია ის, რომ საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, გაუფასურებული ვალუტების გამო, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა და შესაბამისად ზოგიერთ პროდუქტზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა.

არის მეორე ოპტიმისტური მაჩვენებელი - რუსეთის შიდა სამომხმარებლო ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი იყო თურქეთი. ორ ქვეყანას შორის დაძაბულმა ვითარებამ, რასაც თურქეთის მიმართ სანქციების დაწესება მოჰყვა, ფაქტორივად, ქართველ მწარმოებლებს რუსეთის ბაზარი გამოუთავისუფლა. მაგალითად, რუსეთში ტომატის მოხმარების 60% თურქეთიდან იმპორტზე მოდიოდა. სანქციების შემდეგ, მათ მოუწევთ ალტერნატიული გზის გამონახვა.

"ეს ეხება ბაღჩეულ პროდუქტსაც. ჩვენ თუ კარგად ვიმუშავებთ, შეგვიძლია რუსეთის ბაზრის დიდი სეგმენტის ათვისება. არის მეორე ტენდენციაც. გაგვიიაფდა იმპორტი, შარშან მარტო სურსათზე 200 მილიონი დოლარის ეკონომია გავაკეთეთ. თუკი ხელისუფლება, ბიზნესთან ერთად, ჭკვიანურად დაგეგმავს ნაბიჯებს, შედეგი იქნება პოზიტიური. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის გამოცოცხლებასა და შემოსავლების ზრდას", - ამბობს სოსო არჩვაძე.

იანვრის ოფიციალური სტატისტიკა რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. უკვე ცნობილია, ღვინის ექსპორტის მონაცემები და ამ მიმართულებით იანვარში 13%-იანი მატებაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მეღვინეებს წინა თვეში განსაკუთრებით რუსეთის ბაზარმა გაუმართლა. 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთში ღვინის ექსპორტის 60%-მდე ვარდნის შემდეგ, წელს ეს მაჩვენებელი 162%-ით გაიზარდა. მთლიანობაში, იანვარში უცხოეთის ბაზრებზე 3,82 მლნ დოლარის ღირებულების 1 521 802 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა.

ეკონომიკის ექსპერტ ზვიად კანდელაკის აზრით, წელს ექსპორტის სერიოზულ ზრდას აღარ უნდა ველოდოთ, რადგან მთავარი საექსპორტო პროდუქტების რეალიზაცია ისევ პრობლემურია. მარტო ღვინო და ბაღჩეული კი ქვეყანას შორს ვერ წაიყვანს.

"ექსპორტის ვარდნა შეჩერდება, თუმცა ზრდის თვალსაზრისით განსაკუთრებით არაფერს ველით. ავტომობილების რეექსპორტი ისევ პრობლემაა, ფეროშენადნობთა რეალიზაცია მცირედით გაიზარდა, მაგრამ ბაზარი არც ამ მიმართულებით არ დასტაბილურებულა", - ამბობს კანდელაკი.

ფაქტია ისიც, რომ საქართველო ვერ აწარმოებს იმ რაოდენობის სოფლის მეურნეობის პოდუქტს (განსაკუთრებით ბაღჩეულს), რომ მათი ექსპორტით მთლიან მაჩვენებელში რაიმე სერიოზული გარდატეხა მოხდეს.

ოფიციალური მონაცემებით, ბაღჩეული პროდუქტები ათეულშიც კი ვერ ხვდება. საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები გადის, შემდეგ მას მოჰყვება ფეროშენადნობები, მესამე ადგილზეა ავტომობილები, რომლის ექსპორტი მკვეთრად არის შემცირებული (წელს, მთავრობის ინიციატივით საავტომობილო ბაზარზე ახალი შეზღუდვების შესაძლო დაწესება ავტომობილების ექსპორტს კიდევ უფრო შეამცირებს). მეოთხე ადგილზე თხილია, თუმცა ჯერჯერობით დადებითი ტენდენცია არც ამ პროდუქტის მიმართ იკვეთება. ფასი, ფაქტობრივად, განახევრდა და თუკი ასე გაგრძელდა, ექსპორტი ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად მოიკლებს. ხუთეულს სამკურნალო საშუალებები ასრულებს, ღვინო კი მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"