პაატა ზაქარეიშვილი – საქართველოს მსხვილი ბიზნესსუბიექტები უკვე წლებია რუსეთის ხელშია, თუმცა ამას ქართულ პოლიტიკაზე გავლენა არ მოუხდენია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებებიდან მოყოლებული საქართველოში სერიოზული მსხვილი ბიზნესსუბიექტები რუსეთის ხელშია, თუმცა ამ ფაქტორს ქართულ პოლიტიკაზე სტრატეგიულად გავლენა არ მოუხდენია.

ამის შესახებ ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, "გაზპრომი" საქართველოში ერთ-ერთი მცირე ბანკის ყიდვას გეგმავს. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ამის შესახებ არაფერი სმენია.

ზაქარეიშვილმა ასევე უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს რუსული ბიზნესი საქართველოში.

"საქართველოში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებებიდან მომდინარეობს ეს, რომ საკმაოდ სერიოზული მსხვილი ბიზნესები არის რუსეთის ხელში და ჯერჯერობით ამ ფაქტორს სტრატეგიულად არ მოუხდენია გავლენა ქართულ პოლიტიკაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების ნებისმიერი ეკონომიკური ნაბიჯი იქნება წამოსული საქართველოს სტრატეგიული ინტერესებიდან, რომელიც მკაფიო და მყარია", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის ინფორმაციით, რუსული კომპანია "გაზპრომი" საქართველოში ერთ-ერთი პატარა ბანკის შესყიდვას გეგმავს.

როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, აღნიშნულ ინფორმაციას ქართული მხარე საგულდაგულოდ მალავს.