ევროკავშირი ათენს შენგენის ზონის ორ წლამდე ვადით დატოვებით ემუქრება

ევროკავშირი საბერძნეთს სამთვიან ვადას აძლევს საზღვარზე მიგრანტთა ნაკადის გაკონტროლებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ათენს შენგენის ზონის დატოვება ორ წლამდე ვადით მოუწევს. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

ორი კვირის წინ გამოცემულ ევროკომისიის ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ საბერძნეთმა შენგენის ზონის გარე საზღვრებზე კონტროლის ვალდებულებები "სერიოზულად უგულვებელყო".

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წელია ევროკავშირის ქვეყნები მიგრაციის კრიზისს განიცდიან. სირიიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ლტოლვილთა ნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ისინი თურქეთის გავლით ცდილობენ ევროპამდე ჩაღწევას.

მხოლოდ საბერძნეთში გასულ წელს 850 000 მიგრანტი და ლტოლვილი ჩავიდა.