ბულგარეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს შეხვდა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრაზე პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგი და რეგიონული უსაფრთხოების თემები განიხილეს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა. პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ვიზების ლიბერალიზაციისადმი.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბულგარეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე, საუბარი შეეხო საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც ენერგომატარებლების სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივებს. გამოითქვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააღრმავების იმედი.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა როსენ პლევნელიევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ.