რას შეცვლის ახალი კანონმდებლობა აუდიტორული ფირმების საქმიანობაში

„ყველაზე მთავარი რეგულატორის დამოუკიდებლობაა“

სულ მალე საქართველოში მოქმედი აუდიტორული ფირმების საქმიანობაში ბევრი რამ შეიცვლება, რადგან მათ ზედამხედველობას სახელმწიფო განახორციელებს. ფინანსთა სამინისტროში უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც შესაბამის კანონპროექტზე მუშაობს. ეს არის კანონპროექტი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“. უნდა შეიქმნას ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სააგენტო, რის შემდეგაც ფუნქციები, რომელსაც დღეს „საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია” ახორციელებს, ამ ახალი სააგენტოს ხელში გადავა. ცნობილია ისიც, რომ პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და მიღება რამდენიმე თვეში უნდა მოასწროს.

ჩვენი სტუმარია „საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის“ გამგეობის თავმჯდომარე ზურაბ ლალაზაშვილი, რომელსაც აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების დადებით და უარყოფით მხარეებზე ვესაუბრეთ.

ზურაბ ლალაზაშვილი: ჩემი აზრით, საჯარო ზედამხედველობის ორგანოს შექმნა არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამ სფეროში ყველაფერს გააკონტროლებს. ამ ორგანოში შევლენ ბორდის წევრები, რომლებსაც სპეციალური კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩევენ. სწორედ ეს ორგანო იქნება პასუხისმგებელი, რომ აუდიტორული ფირმების მიერ გაწეული მომსახურება (საუბარია მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების აუდიტზე და არა ყველა სერვისზე) საერთაშორისო სტანდარტებს დაექვემდებარება. აქვე უნდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა: ეს მეთოდი 2002 წლიდან აპრობირებულია აშშ-ში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში და მსგავსი ცვლილების გატარებას ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებაც გვავალდებულებს. შესაბამისად, როდესაც ამ საკითხებზე მუშაობა დაიწყო, პროფესიული საზოგადოების დიდი ნაწილი, მსხვილი თუ მცირე აუდიტორული კომპანიები მხარს უჭერდნენ სააგენტოს შექმნის იდეას.

- თქვენ როგორ შეაფასებდით ამ საკანონმდებლო ცვლილებას?

- თვითონ იდეა მისაღებია, მაგრამ მთავარია, როგორ განხორციელდება ის პრაქტიკაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში კანონპროექტი მისაღებია, თუმცა იქ არის ნიუანსები, რომლებიც სხვა ფორმით უნდა განხორციელდეს. კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა იყოს ევროკავშირის რეგულაციებთან, ხოლო მეორე მხრივ, მისაღები უნდა იყოს პროფესიული საზოგადოებისთვისაც.

- ცნობილია, რომ თქვენი ფედერაციის ფუნქციები ამ სააგენტოს ხელში გადადის, ამის გამო პრობლემები ხომ არ შეგექმნებათ?

- ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან დღეს ჩვენი ორგანიზაცია გახლავთ აუდიტორთა ერთადერთი რეგულატორი საქართველოში. ვფიქრობ, რომ არ შეიძლება სააგენტოს ხელში ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გადავიდეს. ჯერ დაკვირვება და ამ ბაზარზე სიტუაციის შესწავლაა საჭირო. აქედან გამომდინარე, უფლებამოსილების გადაცემა ეტაპობრივად შეიძლება. აქ მხოლოდ აუდიტორთა ზედამხედველობაზე არ არის ლაპარაკი, ყველაფერი იწყება მათი მომზადებიდან, სერტიფიცირებიდან, ვინ არიან აუდიტორები, ძალიან მნიშვნელოვანია მათი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებიც... ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღონ იმ კომპანიებმა, ვისაც ეს ფირმები აუდიტორულ მომსახურებას უწევენ. მთლიანობაში ამ რეფორმის მომხრე ვარ, მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს და გაიმიჯნოს, რა იქნება პროფესიული ორგანიზაციის უფლებამოსილება და რა - იმ ორგანოსი, რომელსაც აუდიტორებზე პასუხისმგებლობა დაეკისრება.

- ბატონო ზურაბ, რა მიგაჩნიათ ამ ცვლილების დადებით და უარყოფით მხარეებად?

- დადებითია ის, რომ აუდიტს დაერქმევა აუდიტი. აუდიტორები მოხვდებიან რეესტრში და მომხმარებელს მიეწოდება სწორი ინფორმაცია, თუ რომელი კომპანიების მიერ გაწეულ მომსახურებას შეიძლება დაეყრდნოს - ეს არის ყველაზე დადებითი ფაქტორი. ამავდროულად, გაიზრდება აუდიტორული კომპანიების კვალიფიკაცია და მომსახურების ხარისხი. როდესაც ქვეყანაში ფინანსური ინფორმაციის სანდოობა მაღალია, ინვესტიციებიც მატულობს და ეს ძალიან კარგია. ახლა რაც შეეხება უარყოფით მხარეს: შეიძლება სახელმწიფომ იმოდენა ფუნქციები აიღოს საკუთარ თავზე, რომ ვერ მოერიოს. შესაბამისად, მივიღოთ რეგულაცია, რომლითაც ძალიან მკაცრი მოთხოვნები იქნება დადგენილი, მაგრამ სახელმწიფოს არ ჰქონდეს ადამიანური და ფინანსური რესურსი ამ მოთხოვნების უზრუნველსაყოფად. ახალი ორგანოს შექმნისას ძალზე მნიშვნელოვანია მისი დაფინანსება და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება. თუ იქ ისეთი ხალხი მოხვდება, ვისაც არ ესმის რა არის აუდიტი, ძალიან არეულ სურათს მივიღებთ, ამიტომ, კადრების სწორად შერჩევა აუცილებელია.

- როგორ წარმოგიდგენიათ, ეს სააგენტო სახელმწიფოს დაქვემდებარების ქვეშ უნდა იყოს?

- როგორც წესი, მსგავსი ორგანოს შექმნის სხვადასხვა მოდელი არსებობს. ჩვენი ფედერაცია და რამდენიმე მსხვილი აუდიტორული კომპანია მოითხოვს, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი რეგულატორი, რომელიც სახელმწიფო უწყების დაქვემდებარებაში არ იქნება. ეს იქნება ყველაზე სწორი ფორმა, რადგან თუ რეგულატორი რომელიმე სამინისტროს, ან უწყებას დაექვემდებარება, ეს ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. არანაკლებ მნიშვნელოვანია სააგენტოს წევრების დამოუკიდებლობაც. ბორდი უნდა დაკომპლექტდეს ისეთი ხალხისგან, რომლის პროფესიული და ეთიკური სტანდარტები ძალიან მაღალ დონეზე იქნება.

- და ბოლოს, ბატონო ზურაბ, სააგენტოს შექმნის შემდეგ თქვენი ფედერაცია თავის ფუნქციას ხომ არ დაკარგავს?

- ამის საშიშროებას მე ვერ ვხედავ. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გვერდიგვერდ არსებობენ რეგულატორებიც, პროფესიული ორგანიზაციებიც და ისინი ერთმანეთს ხელს არ უშლიან, პირიქით, კიდეც ავსებენ. მთავარია იცოდნენ, ვის რა ფუნქცია აქვს, ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება და ყველა ამის მიხედვით საქმიანობდეს. ანალოგიური კანონმდებლობა ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშია, დაახლოებით ორ წელიწადში ის თითქმის ყველგან ექნებათ და ამ პროცესს საქართველოც ვერ ჩამორჩება.

ხათუნა ჩიგოგიძე