„ირანული გაზის ხარისხი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ფასიც უფრო მეტია“

ირანთან უვიზო რეჟიმის აღდგენამ თბილისსა და თეირანს შორის ურთიერთობა ერთბაშად დაათბო და გამოაცოცხლა.

განსაკუთრებით ნაყოფიერი ირანის ენერგეტიკის მინისტრ ჰამიდ ჩიჩიანის და კახი კალაძის შეხვედრა აღმოჩნდა. ამ შეხვედრის შემდეგ გახმაურდა, რომ თეირანი და თბილისი საქართველოსთვის 200 მილიონი კუბური მეტრი ირანული გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. პირველი კონტრაქტი შვიდ თვეზე გაფორმდება, თუმცა, საქართველომ სომხეთისგან მისი ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტზე ლიცენზია უნდა მიიღოს.

ირანულ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებსაც ააშენებს. ირანის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, 2015 წლის ივნისში ირანი და სომხეთი უკვე შეთანხმდნენ ელექტროგადამცემის მესამე ხაზის მშენებლობაზე და ამ ხაზის გამოყენება საქართველოსთვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად შეიძლება, თუმცა საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდება აზერბაიჯანის გავლითაც არის შესაძლებელი. ირანთან ურთიერთობის აღდგენას ქართველი ექსპერტები და ენერგეტიკოსები დადებით მოვლენად მიიჩნევენ, მათი აზრით, ორივე ქვეყნის ეკონომიკა მოიგებს. ამ თვალსაზრისს იზიარებს ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა.

„ დღევანდელ მსოფლიოში ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ერთმანეთს ავსებს. როდესაც ირანთან ურთიერთობის აღდგენაზეა ლაპარაკი, ეს მხოლოდ მისასალმებელია, რადგან ირანი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა, რომელსაც ძალიან ძვირი საბადოები აქვს. განვითარებადი ქვეყნების რიგში ირანს საპატიო ადგილი უჭირავს, ამიტომ ამ ურთიერთობის აღდგენას ყველანაირად უნდა მივესალმოთ. გაზის მოწოდების საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი, ასევე ირანის ეკონომიკისთვის, რადგან ირანს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, ჰიდროენერგეტიკაშიც“, - აღნიშნავს ანზორ ჭითანავა.

ანზორ ჭითანავას თქმით, 200 მილიონი კუბური მეტრი დიდი მოცულობა არ არის, რადგან საქართველო 2 მილიარდამდე კუბომეტრ გაზს მოიხმარს და ეს მისი საჭიროების მხოლოდ 10 პროცენტია.

„საბჭოთა პერიოდში საქართველოს 6-7 მილიარდი კუბომეტრი გაზი სჭირდებოდა, ახლა ძლივს ავედით 2 მილიარდზე - ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა ჩამორჩენილია, წარმოებები არ მუშაობს და უფრო ნაკლები ბუნებრივი აირი გვჭირდება, მაგრამ მომავალზეც ხომ უნდა ვიფიქროთ? სასურველია უფრო მეტი გარანტია გვქონდეს იმისა, რომ ეს მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება და საქართველოში ირანული გაზის წილი მოიმატებს. თანაც, ირანული გაზი თავისი კალორიულობით თუ სხვა მახასიათებლებით გაცილებით უკეთესია, ვიდრე აზერბაიჯანული. რატომ სომხეთის გავლით და არა - აზერბაიჯანის? - თუნდაც იმიტომ, რომ სომხეთის გზა უმოკლესია, ეს ტრასა არსებობს და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ? არ არის გამორიცხული, რომ ამის გამო აზერბაიჯანელები გაგვინაწყენდნენ, რადგან აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ჩვენ სომხეთთანაც არ უნდა გვქონდეს დაძაბული ურთიერთობა. ახლა ჩვენ რომ გავჯიქდეთ და ვთქვათ, რომ სომხეთისკენ რუსულ გაზს არ გავატარებთ, ეს ხომ აბსურდი იქნება? მიუხედავად იმისა, რომ „გაზპრომი“ პოლიტიკურად ანგაჟირებული სტრუქტურაა, ბიზნესსაქმიანობაში ხელი არ უნდა შევუშალოთ. კარგია, როდესაც ყველა მხარე კმაყოფილია, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია. ტრასის არჩევა და სომხეთის ტერიტორიაზე გატარება ეკონომიკურად უფრო მიზანშეწონილია და ირანელებმაც ალბათ ამიტომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება“, - აცხადებს ანზორ ჭითანავა.

ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მეტად განვითარების მომხრეა „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე“ ვანო მთვრალაშვილი:

„ირანელებს საქართველოს მიმართ ადრეც ჰქონდათ ეკონომიკური ინტერესი: ბოლო წლებში ამ ქვეყნის მმართველი წრეების მიერ რამდენჯერმე იყო შემოთავაზება, რომ მზად არიან საქართველოს ბუნებრივი აირი მოაწოდონ, მაგრამ ირანს სერიოზული სანქციები ჰქონდა დაწესებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ამიტომ ჩვენი ხელისუფლების მიერ ამ შემოთავაზების განხილვა შეუძლებელი იყო.

ორი გზა არასებობს, რომ ირანული გაზი მოგვეწოდოს - სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართულებით. ჩემი აზრით, თუ ირანული გაზი სომხეთის გავლით მოგვეწოდება, ალბათ ამ ურთიერთობაში, „გაზპრომიც“ ჩაერთვება, რადგან ის სომხეთის გაზსადენებს თითქმის მთლიანად აკონტროლებს. თუ ობიექტურად განვიხილავთ, რომელი მიმართულებაა უმჯობესი, სომხეთის გზა საკმაოდ მტკივნეულ პოლიტიკურ საკითხებზე გადის. აზერბაიჯანი კი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ამავე დროს, ბუნებრივი აირის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია ჩვენთვის. ამ ქვეყნიდანაც შეიძლება ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება, მით უმეტეს, რომ ჩვენს მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის 80-85% სწორედ აზერბაიჯანიდან მოდის. ტექნიკურად ჩვენ ამ ქვეყნიდან ირანული ბუნებრივი აირი უკვე მიღებული გვაქვს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სასურველია ირანული გაზი აზერბაიჯანიდან გამოვატაროთ. ისიც საყურადღებოა, რამდენად კონკურენტული იქნება ირანული გაზის ფასი, მისი ხარისხი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ფასიც უფრო მეტია.

რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურებს, ირანულ მხარეს წლების განმავლობაში ჰქონდა ინტერესი, რომ საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მიეღო მონაწილეობა, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში. ირანს ამ სფეროში ძალიან დიდი პრაქტიკა და გამოცდილება აქვს, მას კომპეტენცია და ფინანსებიც ხელს უწყობს, რომ ჰესების მშენებლობა დაიწყოს და ძალზე მნიშვნელოვანია, თუ ირანულ მხარესთან ამ სფეროშიც ვითანამშრომლებთ. თანაც, ირანს სურს ქართული პორტების შესაძლებლობებიც გამოიყენოს მშრალი ტვირთების ტრანსპორტირებისთვის. ირანელებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია, რადგან ისინი ცდილობენ თურქეთზე ნაკლებად იყონ დამოკიდებული. დღეს ირანში სწორედ თურქეთის გავლით შედის ტვირთების 90% პროცენტი, ამიტომ მათ სურთ, რომ ალტერნატიული მარშრუტები გამოძებნონ. ერთ-ერთი პერსპექტიული მარშრუტი ირანისთვის სწორედ საქართველოა“, - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

ხათუნა ჩიგოგიძე