1 ვაკანტურ ადგილზე 16 უმუშევარი მოდის!

საქართველოში 1 ვაკანტურ სამუშაო ადგილზე 16 პოტენციური უმუშევარი მოდის. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტების შეფასებით, ყოველწლიურად სამუშაო ადგილების რაოდენობა 40 000-ით მატულობს, ხოლო 15 000-მდე უქმდება. ეს ყოველივე იმ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს, რაც ქვეყანაშია.

სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში 800 ათასამდე ისეთი მოქალაქეა, რომელთა გამოყენების პოტენციალი საზოგადოებას არ გააჩნია. ერთ-ერთ მიზეზად ისინი კვალიფიციური კადრის დეფიციტსაც მიიჩნევნ, რაც დღესდღეობით საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

ეკონომიკის სფეროს სპეციალისტი, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ დასაქმებულთა შესახებ მონაცემები არასრულყოფილია, რამდენადაც იგი ყველა სექტორს არ მოიცავს და არც სამუშაო ადგილების შესახებ გვაძლევს ინფორმაციას.

"90-იან წლებთან შედარებით, მოსახლეობა 1,7 მილიონით შემცირდა, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა კი - 1,6 მილიონით. ასეთი კლება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს. საგულისხმოა ისიც, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებულთა შესახებ მონაცემებს აქვეყნებს წელიწადში ერთხელ და არა კვარტლების მიხედვით (თუ ბიზნეს სექტორს არ მივიღებთ მხედველობაში).

ოფიციალურ უწყებაში არ ქვეყნდება ინფორმაცია სამუშაო ადგილების შესახებ. "ჯობს.გე"-ს მონაცემებს თუ დავეყრდნობით, იგი მოიცავს დაქირავებულთა სექტორს და არაფერს გვეუბნება თვითდასაქმებულებზე, რომლებიც დიდი მონდომებით, წვალებითა და რისკით ქმნიან სამუშაო ადგილებს", - აცხადებს არჩვაძე და დასძენს, რომ მიახლოებითი გათვლით, წელიწადში 40-45 ათასამდე სამუშაო ადგილი იქმნება, ხოლო 15 ათასი უქმდება ბიზნესის არაეფექტური მენეჯმენტისა და ბაზრის არასწორი კონიუნქტურის გამო.

"ვფიქრობ, რომ სამუშაო ადგილების მხრივ ზრდა გვაქვს 30 000-ის ფარგლებში ერთ წელიწადში. ცხადია, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. გასათვალისწინებელია ქვეყნიდან გასული მოსახლეობის რაოდენობაც, რომელიც მილიონნახევარს აჭარბებს. ვერ ვიტყვი, რომ სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით არაფერი კეთდება, მაგრამ არასაკმარისია და არსებულ მდგომარეობას ჯერჯერობით ვერ ცვლის", - განმარტავს იგი.

არჩვაძის შეფასებით, სამსახურის მაძიებელთა უმრავლესობას კვალიფიკაციის პრობლემა აქვს. "ადამიანებს უნდათ სამუშაო, მაგრამ მათი კვალიფიკაცია არსებულ მოთხოვნებს არ შეესაბამება, რაც სერიოზული პრობლემაა. ქვეყანას ჰყავს 800 000 ათასამდე ისეთი მოქალაქე, რომელიც სამსახურს ეძებს. ისინი ან ოფიციალურად არიან უმუშევრები, ან მათი საქმიანობის მასშტაბი არ არის ისეთი, რომ ენა მოგვიბრუნდეს და ეს ხალხი დასაქმებულად ჩავთვალოთ.

სამუშაო ადგილებზე საუბრისას შეგნებულად არაფერს ვამბობთ უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებზე, რომელთა მცირე ნაწილი პროფილით იწყებს მუშაობას, ზოგიც საერთოდ მიდის ქვეყნიდან. სამსახურის მაძიებელთა რიცხვში, შეიძლება, მათი ნახევარიც არ გავითვალისწინოთ.

დასაქმების პრობლემა განსაკუთრებით იურისტებს აქვთ, რადგან ამ პროფესიის მქონე ადამიანების რაოდენობა 3-ჯერ აღემატება ეკონომიკაში არსებულ მოთხოვნებს. მათ მოუწევთ შეიცვალონ პროფილი ან გაიყოს სამუშაო. ეს უკანასკნელი კი რეალურად წარმოუდგენელია. ზოგადად, ძალიან მძიმე სტატისტიკასთან გვაქვს საქმე, 1 ვაკანტურ სამუშაო ადგილზე 16 პოტენციური უმუშევარი მოდის, დისბალანსი საკმაოდ დიდია", - დასძენს სოსო არჩვაძე.

ექსპერტი ეკონომიკურ და სოციალურ საკიხთებში ნოდარ კაპანაძე არსებულ სტატისტიკას გადაჭარბებულად მიიჩნევს. იგი თვლის, რომ უმუშევრების რაოდენობა შეიძლება 250 ათასის ფარგლებში იყოს.

"სამუშაო ადგილების შექმნაზე როცა ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რა არის დასაქმების წყარო. ეს თუ შერჩევითი გამოკვლევაა, ამ ცვლილებებზე აქცენტის გაკეთება უკვე სისულელეა. ამასთან, არაფორმალურ სექტორში შექმნილი სამუშაო ადგილი დასაქმებულებში არ აღინიშნება.

რაც შეეხება სტაბილურ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკის რეალურ სექტორში დასაქმება სხვა ტიპის სამუშაო ადგილია. მისი რაოდენობა მართლაც 50 000-ს რომ აღწევდეს, საქართველოში რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სიმძლავრის მინიმუმ სამი საწარმო უნდა აშენდეს", - აცხადებს კაპანაძე.

იგი ასევე ემიჯნება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანას 800 000 უმუშევარი ჰყავს.

"შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) კრიტერიუმით, უმუშევრების რაოდენობა საქართველოში შეიძლება იყოს 200-250 ათასის ფარგლებში. უმუშევრობის დონე, არასრული დასაქმებისა და ფარული უმუშევრობის ჩათვლით, 40%-მდეა. მთლიანი დასაქმების 60%-ზე ცოტა მეტი სოფლად დასაქმებულებზე მოდის. ჩემი აზრით, საქართველოში სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა 1,5 მილიონამდეც შეიძლება იყოს. ამ კატეგორიაშია ისიც, ვინც დასაქმებულია, მაგრამ იმავდროულად ახალ სამსახურს ეძებს.

აბსოლუტურად სხვა სპეციფიკასთან გვაქვს საქმე, როცა უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებზე ვსაუბრობთ. ქვეყანაში დიდია განათლების ლიკვიდურობის პრობლემა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული და შემდეგ წლებშიც, კვალიფიკაციის მიხედვით, განათლება უმაღლესი ნამდვილად არ არის.

ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა აქვს სტრატეგიის შემუშავებას, რისთვისაც აუცილებელია პრობლემის სახელმწიფოებრივი ხედვა. სამეწარმეო მიდგომა ამისთვის არასაკმარისია. უფრო მეტიც, მისი დომინირება ხელისშემშლელიც შეიძლება იყოს", - აცხადებს კაპანაძე.

მისი შეფასებით, სოფლად არასრული დასაქმებისა და ფარული უმუშევრობის პრობლემა არსებითია და ასევე მწვავეა არაკვალიფიციური დასაქმების საკითხიც. როგორც ექსპერტი განმარტავს, საქართველოში სოფელი, ქალაქთან შედარებით, სიღარიბის მაღალი რისკის არეალს სწორედ ამის გამო წარმოადგენს. ერთადერთი, რასაც არანაირი საფრთხე არ ემუქრება, სასოფლო თვითდასაქმებაა.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"