რუსულმა საწვავმა ქართული ბაზარი დაიპყრო

ქართულ ბაზარზე რუსული საწვავის წილი დიდი სისწრაფით იზრდება, - წერს გაზეთი "რეზონანსი". თუ ამ ქვეყნიდან იმპორტირებულ ბენზინსა და დიზელს, დაახლოებით, 10% ეკავა, იანვარში ეს მაჩვენებელი ერთბაშად 43%-მდე გაიზარდა. სპეციალისტები ამ ფაქტს რუსული საწვავის სიიაფით ხსნიან. პარალელურად აღნიშნავენ, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ბაზარი ახლა მეტად თავისუფალია, გაიზარდა იმპორტიორთა რიცხვი და შესაბამისად კონკურენცია.

როგორც "რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი, 1 ტონა რუსულ საწვავს იმპორტიორები 5-დან 10 დოლარამდე ფასდაკლებით ყიდულობენ. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, იანვარში რუსეთიდან 32,9 ათასი ტონა ბენზინი და დიზელი შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 43%-ია. რუსეთმა ამ მაჩვენებლით გაუსწრო რუმინეთს, რომელიც საქართველოში საწვავის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერი იყო. ამჯერად რუმინეთი მეორე ადგილზეა და ამ ქვეყნიდან 17,9 ათასი ტონა (23,4%) ბენზინი და დიზელი მივიღეთ, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი - 9,5 ათასი ტონა (12,4%), საბერძნეთი - 6,7 ათასი ტონა (8,7%). ამ სტატისტიკაში, კიდევ ერთი ტენდენცია დაფიქსირდა, საქართველოში თურქმენეთიდან უფრო მეტი საწვავი შემოვიდა (5,4 ათასი ტონა, ანუ 7,0%), ვიდრე ბულგარეთიდან (4,2 ათასი ტონა, ანუ 5,5%).

ბოლო წლების განმავლობაში რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი სტაბილურად ხორციელდება, თუმცა ამ ქვეყნის წილი მთლიან იმპორტში შედარებით მოკრძალებული იყო და მხოლოდ 10%-ის ფარგლებში მერყეობდა.

"სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ტრეიდერები რუსულ საწვავს შედარებით იაფად ყიდიან და მასზე მოთხოვნა ამიტომაც გაიზარდა.

"რუსული საწვავის ფასი უფრო მისაღებია. ჩრდილოეთიდან, ძირითადად, დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა, თუმცა მატებაა ბენზინის კუთხითაც. ამ ტენდენციას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს - ფასი და ხარისხი. ამ შემთხვევაშიც ფასი "პლატცთან" მიმართებაში სპეციალური ფორმულით დგინდება, თუმცა შემდეგ, სხვა ქვეყნების საწვავთან შედარებით, ფასდაკლება უფრო მეტია - 1 ტონაზე 5-დან 10 დოლარამდე. ამასთანავე, ხარისხი, აბსოლუტურად, აკმაყოფილებს სტანდარტს. რუსეთიდან ევროდიზელის (10PPM) იმპორტი ხორციელდება", - ამბობს ზაალ იაკობიძე.

მისი ინფორმაციით, რუსეთიდან საწვავი ბათუმისა და ფოთის პორტებიდან შემოდის. ასევე ბოლო პერიოდში, საწვავის შემოტანა აზერბაიჯანის გავლით გარდაბანამდე რკინიგზითაც დაიწყო. "ვაჭრობა საერთაშორისო ტრეიდერების მეშვეობით ხდება და იმპორტიორებს უშუალოდ ქარხნებთან ურთიერთობა არ აქვთ", - აღნიშნავს ზაალ იაკობიძე.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთიდან საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა შემოვიდა. მისივე განმარტებით, საწვავის ბაზარზე კონკურენცია ძალიან გაიზარდა, დაახლოებით 20 მსხვილი და პატარა იმპორტიორი საქმიანობს. შესაბამისად, მათთვის, ხარისხთან ერთად, რომელი მომწოდებლის მიერ დადგენილი ფასიც მისაღებია, საწვავის იმპორტს იმ ქვეყნიდან იწყებენ.

"ეს ხდება საერთაშორისო ტრეიდერების დონეზე, იმპორტიორებს ფასს ისინი სთავაზობენ. სიმართლე გითხრათ, რუსეთიდან ასეთი დიდი რაოდენობის საწვავის იმპორტი ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, ვინაიდან წინა წლებში მსგავსი ფაქტი არასდროს დაფიქსირებულა. რუსეთიდან, ძირითადად, დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა, ბენზინი შედარებით მცირე რაოდენობით შემოდის. ბაზარი თავისუფალია და ტენდენცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. საქართველოში დღეს 20-ზე მეტი იმპორტიორი კომპანია ოპერირებს, როგორც საყოველთაოდ ცნობილი, ისე ნაკლებად ცნობილი", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი და ამასთანავე დასძენს, რომ რუსეთიდან საწვავის იმპორტის მოცულობის გაზრდაზე გავლენა მოახდინა იმ ფაქტმაც, რომ ძირითად შემომტანებს გარკვეული შეფერხება ჰქონდათ.

ცნობისათვის, შარშან საქართველოში იმპორტირებული საწვავის მთლიანი მოცულობიდან მხოლოდ 10% მოდიოდა რუსეთზე (101,8 ათასი ტონა). 2015 წელს ტრადიციულად, ყველაზე მეტი საწვავი შემოვიდა რუმინეთიდან (31%), აზერბაიჯანიდან (25%), ბულგარეთიდან (17,2%) და რუსეთი თავისი მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე იყო.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"