ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმში ქართული ღვინის კუთხე გაიხსნა

მარსელში, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმში ქართული ღვინის კულტურის შესახებ მუდმივმოქმედი კუთხე გაიხსნა.

მზეუმში სოფლის მეურნეობის გამოფენის გახსნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრო.

"დღეს, როდესაც საქართველო ევროინტეგრაციის გზაზეა, მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნებში საქართველოს როგორც ღვინის უძველესი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციის მქონე ქვეყნის პოპულარიზაცია. ეს ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის მიმართ ცნობადობის გაზრდას და ევროპის ბაზარზე დამკვიდრებას", - განაცხადა ოთარ დანელიამ გამოფენის გახსნისას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმში გამოფენილი ექსპოზიციები უძველესი დროიდან სოფლის მეურნეობის განვითარების ეტაპებს ასახავს.

ქართულ სტენდზე ტრადიციულ საღვინე ჭურჭელთან ერთად, ქართული მარნის ატრიბუტები - ქვევრი, სარცხი, ორშიმო, ისტორიული არტეფაქტები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციაა წარმოდგენილი. მარსელის ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმში ქართული ღვინის კუთხის გახსნა საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და მარსელის მუზეუმს შორის თანამშრომლობის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე