ქართული სოფლები, რომელსაც ელექტროენერგია დღემდე არ მიეწოდება

21-ე საუკუნეში ძნელი წარმოსადგენია დასახლება, თვით ყველაზე შორეულიც კი, რომელსაც ელექტროენერგია წლების განმავლობაში არ მიეწოდება, თუმცა საქართველოში ათეულობით ასეთი სოფელი იყო და არის.

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული უშუქო სოფლების ელექტროფიკაციის პროგრამის მიუხედავად, რომელიც თანდათან ხორციელდება, ასეთი დასახლებები ქვეყანაში მაინც არსებობს. როგორ მიმდინარეობს მათი ელექტროფიკაციის პროცესი? - ამის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსს, დავით შარიქაძეს ვესაუბრეთ:

- ბატონო დავით, რით შეიძლება აიხსნას ფაქტი, რომ საქართველოში დღემდე ათობით უშუქო დასახლებაა?

- დავიწყებ იმით, რომ სოფლები, რომლებსაც ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა პერიოდშიც იყო. ამას მოჰყვა 1990-იანი წლები, როდესაც განუკითხაობა იყო, ხაზები და სადენები მოიპარეს, არაერთ სოფელში ელექტროქსელი მთლიანად გაიძარცვა. ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობდა, 15-20 წლის განმავლობაში უშუქოდ ცხოვრობდა და თავის მდგომარეობას ასე თუ ისე შეეგუა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ასეთ დასახლებაში მხოლოდ ხუთზე მეტი ოჯახი არ ცხოვრობს.

- დღესდღეობით რა კეთდება მათ დასახმარებლად?

- დაახლოებით 30 სოფლის ელექტროფიკაცია სახელმწიფომ თავისი ბიუჯეტიდან შეძლო და ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში მოხდა. რამდენიმე სოფლის ელექტროფიცირება „ინსაიდის“ პროექტითაც განხორციელდა. იმერეთში, სოფელ შროშაში არის ადგილი, რომელსაც ექსეულიძეების უბანი ჰქვია და რომელსაც შუქი არ მიეწოდებოდა, იქაურ მოსახლეობას ელექტროენერგია უკვე მიეწოდება. სოფელ ქსოვრისში ელექტროქსელი გაძარცვული იყო, ამიტომ იქაც არ ჰქონდათ შუქი და ორიოდე წლის წინ აღვადგინეთ. ასევე აღუდგა ელექტრომომარაგება სოფელ ჩხიკვთაში მცხოვრებ ოჯახებს, სადაც „ენერგოპრომ“ აღადგინა ქსელი. ელექტრომომარაგება აღდგა გორის რაიონის სოფელ გაგლუანთუბანშიც. ასევე განათდა ორი სოფელი - გოსტიბე და ჩხავერი, სადაც ელექტროქსელი გაძარცვული იყო. თუმცა, ყველა პროექტი წარმატებით არ დასრულებულა: მაგალითად, სოფელ ბავარში, რომელიც რაჭა-ლეჩხუმს ეკუთვნის, გვქონდა ტენდერში გამარჯვებული პროექტი, მშენებლობაც დაიწყეს, მაგრამ კონტრაქტორმა ვალდებულებები ვერ შეასრულა და ხელშეკრულება გავუწყვიტეთ. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ახალი ხელშეკრულების გაფორმებისთვის ვემზადებით, რომ წელს ზაფხულში დავამთავროთ სამშენებლო სამუშაოები. გურიაში, ნატანებთან ახლომდებარე მოლიანის დასახლებაშიც აღვადგინეთ ელექტროქსელი, იქ დაახლოებით 30 კომლი ცხოვრობს. ახლა ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული 5 სოფელი გვაქვს გეგმაში.

- რა დაბრკოლებებს აწყდებით ამ საქმეში?

- არსებობს სოფლები, რომელთა ელექტროფიკაცია ძალიან ძვირი ჯდება და ეკონომიკური თვალსაზრისით გამართლებული არ არის, რადგან ძალზე წამგებიანია სახელმწიფოსთვის. ეს ისეთი სოფლებია, სადაც რამდენიმე კომლი ცხოვრობს, ამიტომ, უკეთესია იქ მზის ფოტოელემენტები ანუ პანელები დაამონტაჟონ, რომელიც ძალიან ძვირი არ ღირს, სწორედ ეს გზა შევთავაზეთ იმერეთის, ქართლისა და სხვა რეგიონების მუნიციპალიტეტებს. ჩვენ ტექნიკური თვალსაზრისით ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ ეს გეგმა განხორციელდეს. მაგალითად: ხარაგაულში არის ულამაზესი დასახლება სახვლარი, სადაც სულ ოთხი ოჯახი ცხოვრობს, იქ მზის ელემენტის გამოყენება ყველაზე გონივრული გამოსავალია. მსგავსი მაგალითების დასახელება კიდევ შეიძლება...

- ამ გზით სხვა დასახლებებიც მარაგდებიან?

- დიახ, რამდენიმე სოფელში მცხოვრები ოჯახები სწორედ ასე მარაგდებიან ელექტროენერგიით. მათი ელექტროფიკაცია სახელმწიფომ უნდა იტვირთოს, რადგან „ენერგო პრო“ უარს ამბობს: სამუშაოს ჩატარებას სჭირდება თანხა, რომლის ამოღებაც მოსახლეობიდან ვერ მოხერხდება. ასეთი სოფლები ძალიან ბევრია, განსაკუთრებით ფშავ-ხევსურეთის მიმართულებით. ზოგან ელექტროენერგია არასოდეს ყოფილა, რადგან ხალხი იურიდიულად არც ცხოვრობს, მხოლოდ ზაფხულის სეზონზე ადის - მაისიდან სექტემბრამდე. ასეთი ადგილების განათების ყველაზე გონივრული გზა ინდივიდუალური კვების წყაროა. სხვათა შორის, არც ევროპაში და არც ამერიკაში ძალზე მაღალმთიან ადგილებში ელექტროქსელი გაყვანილი არ არის, იქაც ინდივიდუალური კვების წყაროები აქვთ, იყენებენ მზის, ქარის ენერგიას და ა.შ... ჩვენთანაც, მზის ელემენტების გამოყენებით, ეტაპობრივად შეიძლება ისეთი სოფლების და დასახლებების განათება, სადაც ელექტროენერგია არა აქვთ. თუ ასე მოვიქცევით, უშუქობის პრობლემა საქართველოში საბოლოოდ გადაწყდება.

ხათუნა ჩიგოგიძე