9 მთავარი რისკი მსოფლიო ეკონომიკისთვის

მიმდინარე წელი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების კუთხით.

მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ქვეყანა ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიოს შენელებულ ეკონომიკურ ზრდას, ფინანსური ბაზარი სტაბილურობის ძიებაში და ამ პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს გეოპოლიტიკური კრიზისები, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

გლობალური საფრთხეების ანალიტიკურმა კომპანია Economist Intelligence Unit-მა (EIU) 2016 წლის ეკონომიკური და პოლიტიკური რისკები დაასახელა. კომპანიის მეირ მომზადებული გლობალური რისკის ინდექსი 25-ბალიან შკალას წარმოადგენს, სადაც 25 ბალი რისკის ყველაზე მაღალი დონეა.

გლობალური საფრთხეების ტოპ-ათეულში 25-ბალიანი შკალით 8 ბალად შეფასდა სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში შეიარაღებული დაპირისპირების რისკი, რომელიც გამოწვეულია სადავო კუნძულების გამო მიმდინარე ტერიტორიული დავით ჩინეთს, ვიეტნამს, მალაიზიასა და ფილიპინებს შორის. კვლევითი კომპანიის მოსაზრებით, ვითარების ესკალაცია საფრთხეს შეუქმნის რეგიონულ ეკონომიკურ კავშირებსა და შესაძლოა, გლობალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს.

8-ბალიან საფრთხედ Economist Intelligence Unit აფასებს დიდი ბრიტანეთის შესაძლო გადაწყვეტილებას ევროკავშირის დატოვების შესახებ. კომპანიის მოსაზრებით, თუ ლონდონი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას უარყოფითი გავლენა ექნება არა მხოლოდ ბრიტანეთისთვის, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ეკონომიკაა, არამედ ევროკავშირისთვისაც, რადგან დიდი ბრიტანეთი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკას წარმოადგენს.

25-დან 16 ბალით შეფასდა განვითარებადი ბაზრების სავალო კრიზისი. როგორც EIU-ს კვლევაშია აღნიშნული,  სავალუტო ბაზრების მერყეობამ შესაძლოა საავლო კრიზისი გამოიწვიოს მსოფლისო განვითარებად ბაზრებში და ამ მოსაზრებას ბევრი იზიარებს.

12 ბალით შეფასდა ჯიჰადისტური ტერორიზმის საფრთხე, კერძოდ კი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მზარდი გავლენა ახლო აღმოსავლეთში, რაც კვლევითი კომპანიის მოსაზრებით, გლობალური სტაბილურობისთვის უზარმაზარ რისკს წარმოადგენს.

Economist Intelligence Unit-ის შეფასებით, დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად დანიშვნა ასევე იქნება გლობალური საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის, რომელიც 25-ბალიანი შკალით 12 ბალით ფასდება. კვლევით კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა მსოფლიო ეკონომიკას დააზარალებს და გაზრდის რისკებს აშშ-ის პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში. ამ პროგნოზის მიუხედავად, კომპანიაში ეჭვობენ, რომ დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონის დამარცხებას შეძლებს.

ევროზონიდან საბერძნეთის გასვლა და ამით გამოწვეული ევროზონის დაშლა, ასევე გლობალურ საფრთხედ სახელდება და 15 ბალი ფასდება.

"თუ ათენი ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად მიიღებს, დევალვაცია გარდაუვალი იქნება. გარდა ამისა, ათენი ევროპელი კრედიტორების წინაშე არსებულ ვალს ვეღარ მოემსახურება. ბანკები ასეთ ზეწოლას ვერ გაუძლებენ, მსოფლიო ფინანსური სისტემა მნიშვნელოვნად დაზარალდება და შესაძლოა, ახალი რეცესიაც კი დაიწყოს", - ნათქვამია კვლევაში.

ევროკავშირის შესაძლო დაშლა 25-ბალიანი სისტემით 15 ბალის მქონე საფრთხედ სახელდება. როგორც კვლევით ორგანიზაციაში მიიჩნევენ, თუ ევროკავშირის ქვეყნები მიგრაციული კრიზისის ფონზე შიდა სასაზღვრო კონტროლს გააგრძელებენ, ეს დააზარალებს ეკონომიკურ თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის და ზიანს მოუტანს მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკურ ბლოკს.

რუსეთის მიერ ინიცირებული ახალ "ცივ ომს"გლობალური საფრთხეების ინდექსში 16 ბალი მიენიჭა. რუსეთი ამჟამად უკრაინასა და სირის კონფლიქტებში არის ჩართული, რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობა კი 1991 წელს დასრულებული ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაძაბულია. კვლევით კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ამ ფაქტორმა შესაძლოა გამოიწვიოს ახალი გლობალური კონფლიქტი, რაც მსოფლიო ეკონომიკაზეც აისახება.

ყველაზე რეალურ საფრთხედ Economist Intelligence Unit ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელებას ასახელებს, რასაც 25-ბალიანი სისტემით 20 ბალით ფასდება. კომპანიის მოსაზრებით, თუ ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელება პროგნოზირებადზე უფრო მაღალი იქნება, ეს გლობალური ეკონომიკის შენელებასაც გამოიწვევს.