ქართულ ავიაბაზარზე რუსული კომპანიების წილი იზრდება

ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ავიაბაზარზე უჩვეულო გამოცოცხლება იგრძნობა.

საქართველოს ავიასივრცეში უცხოური კომპანიები ყოველთვის აქტიურობდნენ, ახლა კი მათ ჩვენი ავიაბაზრის მნიშვნელოვანი წილი უჭირავთ: საქართველოში ოპერირებენ თურქული, ჩეხური, ესტონური, ყაზახური კომპანიები. ასევე - ევროპის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც. ბოლო ხანებში მათ უკვე რუსული ავიაკომპანიებიც შეემატა. ამ ფონზე, ცოტა არ იყოს უსიამოვნო აღმოჩნდა ინფორმაცია, რომ ყველაზე მსხვილმა ქართულმა კომპანიამ „ჯორჯიან ეარვეისმა“ (ძველი სახელწოდებაა „აირზენა“) ევროპის მიმართულებით ფრენები შეწყვიტა, რადგან პრობლემები ჰქონდა.

რა ხდება ამჟამად ქართულ ავიასივრცეში, ან რით აიხსნება უცხოელების დაინტერესება ჩვენი ავიაბაზრით? - ამ საკითხზე ავიაკომპანიის წარმომადგენლების და ოფიციალური სტრუქტურების აზრი ორად იყოფა: როგორც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი, გივი დავითაშვილი ამბობს, ქარულ ბაზარზე უცხოური კომპანიები პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან.

გივი დავითაშვილი: "ფაქტია, რომ ქართული ავიაბაზარი უცხოური კომპანიებისთვის უფრო მიმზიდველია: ჩვენთვის საქართველოში არ არის ისეთი ხელსაყრელი პირობები, როგორც უცხოური კომპანიებისთვისაა. სწორედ ამიტომ, ქართული კომპანიების წილი ჩვენს საავიაციო ბაზარზე ნაკლებია, ვიდრე უცხოური კომპანიებისა. მაგალითად: „ჯორჯიან ეარვეისის“ წილი 8%-მდეა, მაშინ, როდესაც „თურქიშ ეარვეისის“ წილი 20%-ზე მეტია, „უკრაინის ავიახაზების“ წილიც საკმაოდ მაღალია, ამ სფეროში უკვე რუსული კომპანიების გავლენა და წილიც იზრდება. რუსული ავიაკომპანიები ფრენების სიხშირესაც ზრდიან.  „ჯორჯიან ეარვეისს“ განსაკუთრებით გაუჭირდა რუსულ ავიაკომპანიებთან კონკურენციის გაწევა, რადგან მათ მიერ დადგენილი ტარიფები ხშირად დემპინგურია.

უცხოელებს ჩვენს ქვეყანაში საკმაო მოგება რჩებათ, რადგან სახელმწიფო აფინანსებს და ხელს უწყობს, რომ მათ საქართველოში რეისები შეასრულონ. რაც შეეხება ქართულ ავიაკომპანიებს, „ჯორჯიან ეარვეისის“ მაგალითზე გეტყვით, რომ ის მხოლოდ საკუთარ შემოსავლებზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მისმა ყოფილმა მუშაკებმა, რომ სომხურ ავიაბაზარზე გადაინაცვლონ. სომხებს თავიანთი ეროვნული კომპანია არ ჰყავდათ და ახლა ქმნიან, რომელსაც „არმენია“ დაარქვეს. წლების განმავლობაში სომხეთის ბაზარზე არსებული არაჯანსაღი კონკურენციის გამო სომხური ავიაკომპანიები გაჩერდნენ. ახლა კი მათ დაინახეს, რომ ეროვნული ავიაკომპანია სჭირდებათ და შესაბამის ზომებს იღებენ. „არმენიას“ შექმნაში რამდენიმე ქართველი სპეციალისტიც მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის არის ბატონი თამაზ გაიაშვილი, რომელიც ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელია. სომხების პრობლემა ის არის, რომ ადგილობრივი კადრები არა ჰყავთ - რადგან ამ ქვეყნიდან კადრების გადინება მოხდა, ახლა თავიდან მიმდინარეობს მათი სწავლება და მომზადება. თუ ასე გავაგრძელებთ, ჩვენც იგივე საშიშროება გვემუქრება. ამიტომ, ზემდგომ ორგანოებს უნდა ავუხსნათ, რომ სახელმწიფოს თავისი ავიაკომპანია უნდა ჰყავდეს".

მფრინავთა ასოციაციის პრეზიდენტი ალბერტ ნურბეკიანიც ადასტურებს, რომ ჩვენი მფრინავები იძულებულნი არიან უცხოეთში წავიდნენ. ისინი დაფრინავენ თურქეთში, ჩინეთში, სხვა ქვეყნებში, რადგან ქართული ავიასივრცე ძირითადად უცხოური ავიაკომპანიების ხელშია.

აღნიშნულ ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. სააგენტოს დირექტორი, გურამ ჯალაღონია აღნიშნავს, რომ ქართულ ბაზარზე მოქმედ ყველა კომპანიას ერთნაირი უფლებები აქვს.

გურამ ჯალაღონია: „ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს აბსოლუტურად ერთნაირი უფლებები აქვთ, რაც გარანტირებულია საავიაციო მიმოსვლის სფეროში გაფორმებული მთავრობათაშორისი შეთანხმებით. შესაბამისად, მტკიცება, რომ ავიაკომპანიები არ არიან თანასწორ მდგომარეობაში, არ შეესაბამება რეალობას. „ჯორჯიან ეარვეისმა“ სააგენტოში უკვე შემოიტანა ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს აეროპორტებიდან ფრენების განხორციელების განრიგი. კერძოდ, თბილისიდან - თელ-ავივის, ამსტერდამის, ვენის, მოსკოვისა და პეტერბურგის მიმართულებით, ბათუმიდან - მოსკოვის მიმართულებით, ასევე თბილისი-ბათუმის მიმართულებით. ასე რომ, ის საქმიანობას ჩვეულებრივ გააგრძელებს“.

გურამ ჯალაღონიას შეფასებით, ჩვენი აეროპორტები უსაფრთხოების სტანდარტებს სრულად პასუხობენ. საქართველოში რეგისტრირებულია 6 აეროდრომი, 3 აეროდრომიდან საერთაშორისო ფრენები სრულდება, ხოლო დანარჩენი 3-იდან - ადგილობრივი დანიშნულების ფრენები, ყველა მათგანი სერტიფიცირებულია სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ და აკმაყოფილებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ წაყენებულ მოთხოვნებს. სააგენტოც მუდმივი ზედამხედველობის ფარგლებში ახორციელებს სერტიფიცირებული აეროდრომების შემოწმებას.

„იმისათვის, რომ ქართული ავიაცია განვითარდეს და წინ წავიდეს, საქართველოს კანონმდებლობაში ევროპული რეგულაციების დანერგვა უნდა შევძლოთ. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ავიაკომპანიებისათვის ევროპული ავიაბაზარიც იხსნება და ისინი უპრობლემოდ შეძლებენ შეასრულონ ფრენები ევროპის ნებისმიერი მიმართულებით, რაც მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე უფრო მიმზიდველი გახდეს უცხოური ავიაკომპანიებისთვის... ამ საკითხებზე ქართული სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, ამიტომ, გამართლებული არ არის იმის მტკიცება, რომ ამ დარგს სახელმწიფოსგან ხელშეწყობა აკლია“, - აცხადებს გურამ ჯალაღონია.

ხათუნა ჩიგოგიძე