იუვალ ფუქსი - ყველაზე დიდი ინვესტიცია, რისი განხორციელებაც ისრაელს საქართველოში შეუძლია, ცოდნა და ნოუ-ჰაუა

ისრაელი მსოფლიოს ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომლის მაგალითზეც საქართველომ ბევრი უნდა ისწავლოს. ქვეყანა, დაარსების დღიდან მოყოლებული დღემდე, ტერორიზმს ებრძვის და ფაქტობრივად, მუდმივად საომარ მდგომარეობაშია, მაგრამ ამის მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა.

თუმცა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების მიუხედავად, ბოლო წლებში ისრაელიდან საქართველოში ექსპორტი მცირდება, საქართველოს საინვესტიციო გარემო სულ უფრო ნაკლებად არის საინტერესო ისრაელელი ბიზნესმენებისთვის, უკეთესის სურვილს ტოვებს საქართველოდან ისრაელშიც ექსპორტიც.

როგორ ებრძვის ისრაელი ტერორიზმს, რატომ არ არის ისრაელი საქართველოში ექსპორტიორ ქვეყანათა ათეულში და როდის უნდა ველოდოთ ისრაელი-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას? - ამ და სხვა საკითხებზე „ბიზნესპრესნიუსი“ საქართველოში ისრაელის ელჩს, ბატონ იუვალ ფუქს ესაუბრა.

- გასულ კვირას ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შემდეგ, ისრაელის ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ და უსაფრთხოების სისტემა კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში, როგორც ერთ-ერთი სამაგალითო მსოფლიოში. თქვენი აზრით, რა უნდა ისწავლოს ევროპამ ისრაელისგან უსაფრთხოების თვალსაზრისით?

- პირველ რიგში, მინდა ჩემი მწუხარება გამოვთქვა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ აფეთქებების შედეგად ოჯახის წევრები და ნათესავები დაკარგეს ბელგიასა და თურქეთში. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ ჩვენ ყველა ვიზიარებთ - ტერორიზმი ეს ტერორიზმია და ყველას გვეხება. მახსოვს, ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როდესაც ბენ გურიონის აეროპორტში საშინელი ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რომელსაც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა. 2000-იანი წლების დასაწყისში იყო დრო, როცა თითქმის ყოველ დღე ხდებოდა ისრაელში ავტობუსების აფეთქება, თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქება სუპერმარკეტებში, მატარებლების სადგურებზე, შოფინგ მოლებში. დღეს ჩვენ ტერორიზმის სხვა ტალღას ვებრძვით, რაც ადამიანებზე დანით თავდასხმას გულისხმობს. ჯარისკაცებზე, მოქალაქეებზე, ზოგჯერ პალესტინელებსაც კი ესხმიან თავს შეცდომით და ებრაელები ჰგონიათ. ტერორიზმზე პასუხის გაცემა იწყება მაშინ, როდესაც აღიარებ, რომ ტერორიზმს ებრძვი. პირველ რიგში, ეს არის ძლიერი დაზვერვა, რასაც ვიყენებთ ამ გამოწვევის წინააღმდეგ, მეორე - ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა. ტერორიზმის დამარცხება მხოლოდ ერთობლივად შეგვიძლია. წარსულში ხშირად გვსმენია, რომ ეს იყო გამოსაღვიძებელი სიგნალი ევროპისთვის, ასე ითქვა, 11 სექტემბერს ნიუ იორკის, მადრიდის, ლონდონის, პარიზის ტერაქტების შემდეგ. მაგრამ სამწუხაროდ, ტერორისტული აქტები ისევ გრძელდება. მე არ ვარ მიამიტი და ვფიქრობ, არც არავინ ფიქრობს მიამიტურად, რომ ყოველ წუთს და ყოველთვის შეგვიძლია ყველაფრის დაბლოკვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რაღაცების უკეთესად გაკეთება შეიძლება. სულ მცირე ამისთვის მეტი ძალისხმევაა საჭირო. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოებმა და სახელმწიფო ორგანოებმა არა მხოლოდ განცხადებები უნდა აკეთონ, არამედ მთელი ენერგია, შესაძლებლობები, ლეგალური ინსტრუმენტები, დაზვერვა, ჯარები ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა მიმართონ.

- ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში ისრაელის სპეცსამსახურები ქართველ კოლეგებთან თუ თანამშრომლობენ?

- საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ გავაძლიერეთ ქართულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ კვლავაც მზად ვართ, ამ სახის თანამშრომლობა გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ. ჩვენ ყველას გააზრებული გვაქვს, რომ ტერორისტული აქტები, არა მხოლოდ ბრიუსელში, პარიზში, ისრაელში ხდება, არამედ შეიძლება ყველგან მოხდეს. საქართველო არ არის შორს შუა აღმოსავლეთიდან, თურქეთიდან, იმ მოვლენებიდან, რომელიც ბოლო წლებში შუა აღმოსავლეთში ხდება და ვფიქრობ, ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ კონტექსტში. მე, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ, კონკრეტულად არაფერზე. მაგრამ იყო წარსულში საფრთხეები და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვაძლიერებთ თანამშრომლობას.

- ისრაელის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ, ერთ-ერთი ბოლო მონაცემებით, საქართველო უკვე ე.წ. „შავ სიაშია“ და ჩვენი ქვეყნიდან ისრაელში არალეგალურად დარჩენილთა რაოდენობა ჩამსვლელთა თითქმის 10%-ია. თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია და როგორ შეიძლება შევაჩეროთ ეს ნაკადი?

- მიმდინარე კვირას საქართველოს დელეგაცია ისრაელში მიემგზვრება და შეხვედრებს გამართავს უმაღლეს დონეზე. შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა, სწორედ ეს საკითხი იქნება. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც არღვევენ ვიზას და არალეგალურად რჩებიან, რათა არალეგალურად იმუშაონ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უვიზო რეჟიმი არ ნიშნავს, რომ არ გჭირდებათ ტურისტული ვიზა. ეს ნიშნავს, რომ არ გჭირდებათ განაცხადის გაკეთება. ტურისტული ვიზა გაიცემა 90 დღეზე და როდესაც თქვენ 90 დღეზე მეტი რჩებით ისრაელში, ნიშნავს, რომ არალეგალურად რჩებით. სამწუხაროდ, თუ ასე გაგრძელდა, ამას არ ექნება პოზიტიური ეფექტი და ვერ მოიტანს პოზიტიურ შედეგებს ვერც საქართველოსთვის, ვერც ისრაელისთვის და ვერც ჩვენი თანამშრომლობისთვის. ორივე მხარემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამ არალეგალთა რაოდენობის შესამცირებლად.

- თუ ეს ციფრი არ დავიდა მინიმუმამდე, არის თუ არა იმის შანსი, რომ ისრაელის მხრიდან კვლავაც ვიზის შემოღებაზე ვიფიქროთ?

- ამ რაოდენობის შესამცირებლად, პირველ რიგში, საჭიროა მეტი კომუნიკაცია. არა მხოლოდ მე, არამედ საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას ერთად უნდა გავაგებინოთ, რომ ეს ვერ შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის კარგ ურთიერთობებს. თუ საჭიროა მეტი ინფორმაცია, რას ითვალისწინებს ისრაელში ვიზის რეგულაციები, უნდა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მოსახლეობას, მათ შორის აეროპორტებსა და ტურისტულ კომპანიებში ინფორმაციის გავრცელების გზით. ვიმედოვნებ, რომ ქართული დელეგაცია პრაქტიკული შეთავაზებებით ჩამოვა და ერთად ვიმუშავებთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მივესალმებით საქართველოდან ტურისტების ნაკადის ზრდას, მათი დიდი ნაწილი ნამდვილად ტურისტია და გვინდა, კიდევ გავზარდოთ ეს რაოდენობა.

- საქართველოს მიერ ირანისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას მოჰყვა მოსაზრება, რომ ამან შესაძლოა, ნეგატიური გავლენა იქონიოს ისრაელელ ტურისტებზე და მათმა ნაწილმა უარი თქვას ირანელთა მხარდამხარ დასვენებაზე. როგორია ისრაელის პოზიცია საქართველოს მიერ ირანისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით და როგორ შეიძლება ეს აისახოს ისრაელი-საქართველოს ურთიერთობაზე?

- ვფიქრობ, საქართველოს ურთიერთობა ირანთან სხვა საკითხია. თქვენ იცით ჩვენი შეფასება ირანთან დაკავშირებით - ირანი იყო და არის ნომერ პირველი არსებითი საფრთხე ისრაელისთვის ბირთვული პროგრამის გამო, რომელიც არ შეჩერებულა. ირანს ასევე აქვს სარაკეტო პროგრამა და ვიცით, რომ რამდენიმე დღის წინ გამოსცადეს რაკეტები. ირანი აგრძელებს ტერორისტების მხარდაჭერას, სანქციების გაუქმების შედეგად კი ირანი კიდევ უფრო მეტ ფულს იშოვის და შესაბამისად, მეტ ფულს მოახმარას ჰამასის, ჰეზბოლას დაფინანსებას, რომელიც თავისთავად საფრთხეა. ირანი ძალიან დიდი თემაა და ჩვენ ამას ჩვენს ქართველ კოლეგებთან ერთად განვიხილავთ. ეს არ არის საიდუმლო და ჩვენ ვცვლით შეფასებებს. მე სხვა ვერაფერს ვიტყვი საქართველოს მიერ მიღებულ სუვერენულ გადაწყვეტილებებზე საგარეო პოლიტიკის კუთხით.

- ბოლო წლების დინამიკას თუ გადავხედავთ, ისრაელი არ არის საქართველოში ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში. ასევე 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდა ესპორტი ისრაელიდან. როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორები იწვევს ექსპორტის შემცირებას?

- პროდუქტების ვაჭრობის თვალსაზრისით, ჩვენს ქვეყნებს შორის დაბრკოლებებსა და ბარიერებს ვერ ვხედავ. თუმცა ციფრები მართლაც ძალიან არაშთამბეჭდავია. თუ ჩვენ ბოლო წლების მონამაცემებს გადავხედავთ, გასულ წელს ისრაელიდან ექსპორტმა 27 მილიონი დოლარი შეადგინა, ერთი წლით ადრე 130 მილიონი დოლარი იყო, მანამდე 65 მილიონი დოლარი, კიდევ უფრო ადრე 95 მილიონი დოლარი. ჩვენ შეგვიძლია ორი დასკვნა გავაკეთოთ - ერთი ეს არის ლარის გაუფასურება და რეგიონალური განვითარება. მეორე ფაქტორი, შესაძლოა არჩევნების პეროდი იყოს, რასაც ექსპორტის შემცირება მოჰყვა. სამწუხაროდ, არც საქართველო გამოირჩევა ექსპორტით ისრაელში. როგორც ისრაელელი დიპლომატი, ვფიქრობ, რომ საქართველოდან ისრაელში ექსპორტიც უნდა გაიზარდოს.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ამისთვის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება იქნებოდა?

- ვფიქრობ, ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ ამ ციფრების სტაბილურობაზე და არა მგონია, რომ ეს მხოლოდ თავისუფალ ვაჭრობაზეა დამოკიდებული. თუ ციფრები ოთხჯერ მეტად შემცირდა გასულ წელს, 2014 წელთან შედარებით, ეს მხოლოდ იმის გამო არ ხდება, რომ არ გვაქვს ეს ხელშეკრულება. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისრაელის ექსპორტი სტაბილურად იზრდება და მატულობს ქართული ექსორტიც. მომავალში ჩვენ გახსნილები ვართ ამ სახის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და მგონია, რომ ჩემი ქართველი კოლეგებიც დამეთანხმებიან. რა თქმა უნდა, მომავალში არ გამოვრიცხავ ამ შეთანხმებას, თუმცა პირველ რიგში, ციფრების გაზრდაა.

- ექსპორტთან ერთად, ასევე იკლო ისრაელელი ბიზნესმენების დაინტერესებამ საქართველოს საინვესტიციო გარემოთი...

- თუმცა, მინდა შეგახსენოთ, რომ გასულ წელს ისარელის კომპანია „ელბიტ სისტემსმა“ საპარტნიორო ფონდთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში საავიაციო ნაწილების ქარხნის მშენებლობას. ეს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიციაა, რომლის ღირებულებაც 80 მილიონ დოლარზე მეტია. თუმცა, ამვდროულად მინდა ხაზი გავუსვა, რომ ისრაელი არ არის უდიდესი ბაზარი, მაგრამ არის ძლიერი ეკონომიკა. ისრაელის ეკონომიკის დიდ ნაწილს შეადგენს მცირე და საშუალო ბიზნესი. ამიტომ რეალისტური მოლოდინები უნდა გვქონდეს. ჩვენ, ჩვენის მხრივ, გვინდა ისრაელში ვიხილოთ ქართული ინვესტიცები, გვინდა ვნახოთ ქართველი აქციონერები ისრაელის ჰაიტექ სფეროში, სადაც მსოფლიოს თითქის ყველა ქვეყანა ახორციელებს ინვესტიციებს. თუმცა, მათ შორის სამწუხაროდ, საქართველო არ არის.

- უსაფრთხოების უპრეცედენტო სისტემის გარდა, ისრაელი საქართველოსთვის ჩემი აზრით, ბევრი რამით არის მისაბაძი, იქნება ეს განვითარებული სოფლის მეურნეობა, განათლების სისტემა თუ ინოვაციები. თქვენ რას ურჩევთ საქართველოს, რა მაგალითი უნდა ავიღოთ პირველ რიგში ისრაელისგან?

- ყველაზე დიდი ინვესტიცია, რისი განხორციელება და გაზიარება ისრაელს შეუძლია საქართველოში - ეს ცოდნა და ნოუ-ჰაუა. ინვესტიციები ყოველთვის ფულით არ შეიძლება განხორციელდეს. გეთანხმებით, ფული მნიშვნელოვანი საკითხია და საქართველოს სჭირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ცოდნა გავუზიაროთ საქართველოს ჰაიტექის სფეროში. ჩემი აზრით, ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული და ციფრები. მე ამას „ჭკვიან ინვესტიციას“ დავარქმევდი, ინვესტიციას განათლებაში. ვერ ვიტყვი, რომ ყოველი დადებული ქვა „ჭკვიანი ინვესტიციაა“, განათლებაში ინვესტირება კი მომავალში ინვესტირებაა. ისრაელი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია R&D-ში (Research and Development - სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები) და ჩვენ მზად ვართ, გავუზიაროთ ეს გამოცდილება საქართველოს.

- ამ ზაფხულს, საქართველოში თქვენი ელჩობის ვადა იწურება. რას წაიღებთ საქართველოდან?

- ჯერ კიდევ არ ვარ მზად დასამშვიდობებლად. მაგრამ უკვე ვიცი, რომ საქართველოდან დიდ პროფესიონალურ გამოცდილებას წავიღებ, რომელიც აქ შევიძინე. გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოში უამრავი მეგობარი შევიძინე, აღმოვაჩინე ქართველი ხალხისა და ქვეყნის სილამაზე. თქვენ შესანიშნავი ქვეყანა, კულტურა, მემკვიდრეობა გაქვთ და სწორედ ამიტომ, საქართველო ისრაელელი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ქვეყანაა. ყოველწლიურად, საქართველოში 7 ათასი ადამიანი ჩამოდის და თუ ასე გაგრძელდა, მალე ისრაელში ალბათ ერთი ოჯახიც აღარ იქნება, ვისი წევრიც საქართველოში ნამყოფი არ არის. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები ბევრს წაიღებენ აქედან - მეგობრობას, კეთილმასპინძლობას, რაც ჩემი აზრით, თქვენს ქვეყანას ბევრისგან გამოარჩევს.

მარი ჯავახიშვილი