SIPRI - საქართველოს სამხედრო ხარჯები 2006 წლის შემდეგ 37%-ით შემცირდა

მსოფლიოში სამხედრო დანიშნულების ხარჯების ოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ საუბარია სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის SIPRI-ს ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, 2015 წელს მსოფლიოს ყველა ქვეყანამ საკუთარ შეიარაღებულ ძალებზე ჯამში 1,7 ტრილიონი აშშ დოლარი დახარჯა, რაც 2014 წელთან შედარებით 1%-ით მეტია. 2015 წელს სამხედრო ხარჯებმა მსოფლიო მშპ-ს 2,3% შეადგინა.

სამხედრო ხარჯების რეიტინგში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, რომლის სამხედრო ბიუჯეტი 595 მილიარდი აშშ დოლარია. მეორე ადგილზე იმყოფება ჩინეთი 215 მილიარდი აშშ დოლარით, მესამეზე საუდის არაბეთი 87 მილიარდი დოლარით, მეოთხეზე კი რუსეთი 66 მილიარდი დოლარით, რაც 2014 წელთან შედარებით 7,5%-ით მეტია.

კვლევის თანახმად, ევროპულმა ქვეყნებმა, განსაკუთრებით რუსეთის სამეზობლოში, დაიწყეს სამხედრო ხარჯების გაზრდა, მათ შორის დასახელებულია პოლონეთი, რუმინეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

რაც შეეხება საქართველოს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2015 წელს საქართველოს სამხედრო დანიშნულების ხარჯებმა 327 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2006 წლის შემდეგ აღნიშნული თანხა 37%-ით შემცირდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე